გუდაურში მომხდარი მკვლელობისთვის ბრალდებული მოსამართლემ გაათავისუფლა

მერაბ კობიაშვილი, რომელიც გუდაურში მომხდარი ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის მცდელობისთვის იყო ბრალდებული, მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. გათავისუფლების მიზეზი კობიაშვილის 9 თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადის გასვლა გახდა.

როგორც კობიაშვილის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, მოსამართლის აღნიშნული გადაწყვეტილება მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

“ჩვენ, ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილებას ველოდებოდით. სულ ვამტკიცებდით, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ იყო დამნაშავე. იცით, რომ  მიმდინარეობს ნაფიცი მსაჯულების შერჩევის პროცედურა. დაახლოებით 4 პროცესია წინასწარ დანიშნული და იმედი გვაქვს, შევარჩევთ ყველა ნაფიც მსაჯულს და დავიწყებთ არსებით განხილვას, მტკიცებულებათა გამოკვლევას. ჩვენი მიზანი იყო, რომ საზოგადოების წევრებს, ნაფიც მსაჯულებს გადაეწყვიტათ მერაბ კობიაშვილის ბედი, მაგრამ დაწრმუნებული ვართ, რომ მის უდანაშაულობას ყველა დაინახავს. ამ დრომდე, ნაფიცი მსაჯულების შერჩევა ვერ მოესწრო და საპატიმრო ვადაც გავიდა“ – აღნიშნა ტარიელ კაკაბაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი თებერვალში მოკლეს. დაპირისპირების მიზეზი შელაპარაკება გახდა. განზრახ მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მერაბ კობიაშვილი დააკავეს. ასევე, პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი ექვს პირს წარუდგინა.

მსგავსი თემები