“ბინაზე, კოვიდსასტუმროებში, საავადმყოფოებში მართვა ერთადერთი გამოსავალია” – გიორგი გახარია

  •  

„ქართული ჯანდაცვის სისტემის რესურსი ამოუწურავი არ არის, ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ჯანდაცვის სისტემის მომსახურება იმ ადამიანებს მოხმარდეს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება“ – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, მეორე ტალღის სიმძაფრე სწორად არ იყო შეფასებული.    

„როგორც ჩანს, მეორე ტალღის მოლოდინის სიმძაფრე არ იყო სრულად შეფასებული სწორედ. დღეს, ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპაში, „ლოკდაუნების“ რაოდენობა იზრდება, ისევე როგორც ინფიცირებულების რაოდენობაც იზრდება. გამართული ეკონომიკისა და ძლიერი ჯანდაცვის მქონე ქვეყნებს უჭირთ გამკლავება ინფიცირების მასობრივ განვითარებასთან. მოგეხსენებათ, ჩვენი სტრატეგია არის ადაპტაციის და წერტილოვანი შეზღუდვების და ამ სტრატეგიას მივყვებით. ამას გავაგრძელებთ, თუმცა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს უნდა გვესმოდეს, რომ ჯანდაცვის სისტემა, როგორც აღჭურვილობის, ისე ადამიანური რესურსების თვალსაზრისით ამოუწურავი არ რის“ – განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

პრემიერის განმარტებით, სისტემა იმ ადამიანებზე უნდა იყოს ორიენტირებული, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

„ყველამ ერთად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემის მომსახურება და სერვისები ყველაზე მეტად მოხმარდეს იმ ადამიანებს, ვისაც ეს ყველაზე უფრო მეტად სჭირდება: ჩვენს ხანდაზმულებს, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემამ უფრო ეფექტიანი ოპერირება შეძლოს. კლინიკური მართვის ახალი პრინციპების შესაბამისად, ბინაზე, “კოვიდსასტუმროებში”, საავადმყოფოებში მართვა ის ერთადერთი გამოსავალია, რომლითაც ყველა ერთად უნდა დავეხმაროთ ჯანდაცვის სისტემას. მივმართოთ ძირითადი ყურადღება სწორედ ჩვენი იმ მოქალაქეების მიმართ, რომელთაც ყველაზე უფრო მეტად სჭირდებათ 24-საათიანი მეთვალყურეობა. ჩვენ გვეჭირა ბალანსი ჯანმრთელობას, ადამიანის სიცოცხლისა და ეკონომიკის გადარჩენასთან მიმართებით და ჩვენ გავაგრძელებთ ამ გზას, რამეთუ პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენის პერსპექტივა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენს ეკონომიკას უნდა შევუნარჩუნოთ”, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები