“საქართველომ „ლოქდაუნი“ რომ გამოაცხადოს, იოლად დაძლევს სიტუაციას“ – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველომ ე.წ. “ლოქდაუნზე” იმიტომ თქვა უარი, რომ გაითვალისწინა მოსახლეობის ინტერესები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეპიდემიის მართვა შედარებით მარტივი იქნებოდა.   

მისივე თქმით, „ლოკდაუნი“ არის სწორედ ის მექანიზმი, რომლის გამოცხადების შემთხვევაში, შედარებით მარტივად მოხერხდებოდა  პანდემიასთან გამკლავება.

„რამდენიმე დღის წინ, მსოფლიოში ახალი შემთხვევების რიცხვმა 600 000-ს პირველად გადააჭარბა. ასევე მყარდება სიკვდილობის რეკორდი. ევროპის, აშშ-ის ქვეყნები მძიმე მდგომარეობაში არიან და იგივე ხდება საქართველოშიც. საქართველოში ამ სიტუაციისთვის, ანუ შემთხვევების ზრდისთვის ცოტა უფრო უარესი პირობებიც არის, რადგან პრაქტიკულად ყველა ქვეყანამ ევროპაში გამოაცხადა სრული ან ნაწილობრივი „ლოქდაუნი“. საქართველომ უარი თქვა განმეორებითი “ლოქდაუნის” გამოცხადებაზე, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.

კი ბატონო, ძალიან კარგი, საქართველომ უარი თქვა „ლოქდაუნზე“, გაითვალისწინა მოსახლეობის სურვილი და ყველაფერი, მაგრამ ამან გაზარდა გამოწვევების მასშტაბი, რომელიც დგას ქვეყნის წინაშე. „ლოქდაუნით“ ეს შედარებით იოლად გადაწყდებოდა. მაგალითად, ბელგიამ, რომელსაც დღეში 27 000 შემთხვევა ჰქონდა, გამოაცხადა სრული „ლოქდაუნი“, და 4 000-მდე დაიყვანა შემთხვევები. მართალია,  4 000 ცოტა არ არის, მაგრამ მაინც სად 27 000 და სად 4 000. საქართველომაც რომ გამოაცხადოს „ლოქდაუნი“, უფრო იოლად დაძლევს ამ სიტუაციას. „ლოქდაუნის“ არგამოცხადების პირობებში,  ყველას ერთად მოგვიწევს, თვალი გავუსწოროთ და გავუმკლავდეთ სერიოზულ გამოწვევებს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი თემები