„თუ ის ოპოზიციას არ შეხვდება, დავდგებით ქუჩაში და მივაწვდენთ ხმას“ – გიგლა ბარამიძე პომპეოს ვიზიტზე

„დემოკრატიული მოძრაობის“ სიის მეორე ნომერი, გიგლა ბარამიძე აცხადებს, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანი ოპოზიციურ პოლიტიკურ ლიდერებსაც უნდა შეხვდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოპოზიციას ქუჩაში დგომა და იქ მისვლა მოუწევს, სადაც სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს გამართავს. ეს განცხადება ბარამიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

„სახელმწიფო მდივნის საქართველოში ჩამოსვლა თავისთავად საინტერესოა. ის ჩამოდის იმიტომ, რომ რუსეთმა კიდევ ერთი უზარმაზარი ბაზა გააჩინა ამიერკავკასიაში. მეორეა ბელორუსიის პრობლემა, მესამე – ყარაბაღის პრობლემები. რა თქმა უნდა, მისი მოკავშირე საქართველოა და ერთ-ერთი საკითხი საქართველოც იქნება“ – განაცხადა გიგლა ბარამიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

პოლიტიკოსი გამორიცხავს, რომ სახელმწიფო მდივანი საქართველოში შექმნილი პოლიტიკური მოვლენების გამო ჩამოდის, თუმცა, არ გამორიცხავს, რომ ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ესეც იქნება.   

„ამ მასშტაბის პოლიტიკოსები საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური საკითხებისთვის არ დაფრინავენ. არის საკითხები და მათ შორის შესაძლოა იყოს ეს, მიმდინარე პოლიტიკური თემა. თუ ის ოპოზიციას არ შეხვდება და ამისი დრო არ აქვს, ჩვენ მივაწვდენთ  ხმას. იმედი მაქვს, მასთან შეხვედრის შესაძლებლობა მოგვეცემა, თუ ეს არ მოხერხდა, დავდგებით ქუჩაში და მივაწვდენთ ხმას. ეს არ ნიშნავს, რომ ჩარჩოებიდან გამოვალთ.  იქ მივალთ, სადაც შეხვედრები ექნება.

იმედი გვაქვს, შევხვდებით მაგიდასთან, ცივილიზებული ფორმით ან ქუჩაში დავდგებით და მივაწვდენთ ხმას“ – განაცხადა გიგლა ბარამიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.   

მსგავსი თემები