“ეს კიდევ ერთი დადასტურებაა საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის” პემიერი პრემიერი მაიკ პომპეოს ვიზიტზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს დაგეგმილ ვიზიტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთი დადასტურებაა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობის და იმ დონის, რომელიც ისტორიულად ჯერ არ ყოფილა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, პომპეოს ვიზიტის ფარგლებში განიხილავენ სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, ქვეყნის დემოკრატიზაციის შემდგომ პროცესს, ეკონომიკურ საკითხებსა და უსაფრთხოებას.

„რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ამ შეხვედრის ფარგლებში ჩვენ განვიხილავთ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებულ საკითხებს. რა თქმა უნდა, ჩვენ, პირველ რიგში, განვიხილავთ სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, ქვეყნის დემოკრატიზაციის შემდგომ პროცესს, ეკონომიკურ საკითხებს, უსაფრთხოებას. ეს ყველაფერი არის ის თემები, რომლებზეც ჩვენ ვემზადებით სასაუბროდ და რომლებიც შემოთავაზებული იყო სასაუბროდ ჩვენი კოლეგების მხრიდან. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ქვეყნის, სახელმწიფო მდივნის ვიზიტი, ეს არის საქართველოს მეგობრის ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ვიზიტმა კიდევ უფრო გააღრმაოს, დღეს ისედაც მაღალ ნიშნულზე მყოფი სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სა და საქართველოს შორის, განსაკუთრებით, დღეს რეგიონისთვის იმ კრიტიკულად მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიც არის, რა თქმა უნდა, სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესები, რაც ჩვენი ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაზეც, უსაფრთხოებაზეც და მომავალზეც სერიოზულ ზეგავლენას იქონიებს.

ამიტომ, მიუხედავად კოვიდისა, გლობალური პანდემიისა, მიუხედავად ყველა იმ გამოწვევებისა, რომლის წინაშეც ჩვენ ვართ, ჩვენ ახლა სრულად კონცენტრირებული უნდა ვიყოთ ამ ვიზიტის მოსამზადებლად“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერის განცხადებას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის, მაიკ პომპეო საქართველოს 17 ნოემბერს ორდღიანი ვიზიტით ეწვევა.

მსგავსი თემები