“ამ რთულ მომენტში საფრანგეთი სომხეთის გვერდით დგას” – ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დადების შემდედ საჭიროა მდგრადი პოლიტიკური დარეგულირების მიღწევა, რომელიც სომხეთის ინტერესებს დაიცავს.

ემანუელ მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ირგვლივ პროვოკაციები უნდა შეწყვიტოს.

„დაუყოვნებლივ უნდა განისაზღვროს კონფლიქტის ხანგრძლივი პოლიტიკური დარეგულირების პარამეტრები, რაც უზრუნველყოფს მთიანი ყარაბაღის სომხური მოსახლეობის კარგ პირობებში ცხოვრებასა და ათიათასობით ადამიანის დაბრუნებას. ამ რთულ მომენტში საფრანგეთი სომხეთის გვერდით დგას“, – ნათქვამია ემანუელ მაკრონის განცხადებაში.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საბრძოლო მოქმედებების ბოლომდე შეჩერება პრიორიტეტული მიზანია.

„საფრანგეთი მტკიცედ მოუწოდებს თურქეთს, შეწყვიტოს მთიანი ყარაბაღის ირგვლივ პროვოკაციები, გამოიჩინოს თავშეკავება და არ გააკეთოს ისეთი რამ, რაც საფრთხეს შეუქმნის მხარეებს შორის გრძელვადიანი შეთანხმების დადებას“, – დასძინა ემანუელ მაკრონმა.

ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტა გამოაცხადა.

მსგავსი თემები