“უმეტესი უბნის შემთხვევაში შედეგები უცვლელი დარჩა” – ცესკო

  •  

“კენჭისყრისა და შემდგომ დღეებში საოლქო საარჩევნო კომისიებში სულ შევიდა 1941 საჩივარი, აქედან საარჩევნო სუბიექტებმა წარადგინეს 1272, ხოლო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა – 564,” – ამის შესახებ ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი სანტურიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც სანტურიანმა განმარტა, კენჭისყრის დღესთან დაკავშირებული საჩივრები ძირითადად შეეხებოდა პროცედურულ საკითხებს, ხოლო კენჭისყრის დღის შემდგომი საჩივრები საუბნო საარჩევნო კომისიების შედეგებსა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების კანონიერებას.

„აღსანიშნავია, რომ საჩივრების უმეტესობა საოლქო საარჩევნო კომისიებში პროცედურების დარღვევით იყო წარმოდგენილი, რის გამოც საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილი 901 საჩივარი შესწავლისა და სათანადო სამართლებრივი შეუსაბამობის გამო დარჩა განუხილველი, ხოლო ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი საჩივრებიდან – 126.

აღასანიშნავია, რომ საჩივრების წარდგენის პროცედურები 2020 წლის არჩევნებისთვის არ შეცვლილა და ანალოგიური იყო ბოლო წლების საჩივრების წარდგენის პროცედურისა. მაგალითად, ხშირად იყო ისეთი შემთხვევა, როდესაც საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმისა და საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგების ბათილად ცნობას პარტიის სახელით ითხოვდა პარტიის მიერ წარდგენილი არაუფლებამოსილი პირი და ამგვარი საჩივრების რაოდენობა იყო საკმაოდ მრავალრიცხოვანი. იყო შემთხვევები, როდესაც ამგვარი მოთხოვნით საჩივრები წარადგინეს სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებლებმა, მაშინ როდესც მათ არ გააჩნდათ სადამკვირვებლო ორგანიზაციის სახელით საჩივრის შეტანის უფლებამოსილება“, – განაცხადა სანტურიანმა.

რაც შეეხება შემაჯამებელ ოქმებს, როგორც სანტურიანმა განმარტა, ყველა კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმიდან განსხვავებული აზრი მხოლოდ ოთხ შემთხვევაში იყო წარმოდგენილი, ხოლო მცირე გამონაკლისის გარდა შემაჯამებელ ოქმებზე ფიქსირდება კენჭისყრის დღეს უბანზე მყოფი ყველა კომისიის წევრის ხელმოწერა. ასევე გვინდა აღვნიშნოთ, რომ საუბნო საარჩევნო კომისის შედეგების შემაჯამებელი ოქმებისა და საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით საჩივრების წარდგენის პროცედურისა და დარღვევის გამო განუხილველად დატოვების შემთხვევებში საოლქო საარჩევნო კომისიები თავიანთ დასაბუთებაში უთითებდნენ ოქმებისა და მონაცემების სისწორეზე, რათა მონაცემების სისწორე არ დამდგარიყო კითხვის ნიშნის ქვეშ“, – განაცხადა სანტურიანმა.

ამასთან, ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, სულ საოლქო საარჩევნო კომისიებმა მოცემული მდგომარეობით გადაითვალეს 39 უბნის შედეგი, აქედან 6 შემთხვევაში საკუთარი ინიციატივით, 14 შემთხვევაში განცხადება საჩივრის საფუძველზე, ხოლო 19 შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

„ჯამში გადათვლის პროცესი შეეხო 24 500-მდე ამომრჩეველს და შესაბამისი რაოდენობის ხმებს. აღსანიშნავია, რომ უმეტესი უბნის შემთხვევაში შედეგები დარჩა უცვლელი. ზოგიერთი კი დაზუსტდა და შეიცვალა საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებით. შეგახსენებთ, რომ ამჟამად სააპელაციო სასამართლოებში მიმდინარეობს სქმეების განხილვადა მოგვიანებით წარმოგიდგენთ განახლებულ ინფორმაციას“, – განაცხადა სანტურიანმა.

მსგავსი თემები