“გაიტანეთ სახლიდან ისეთი დანადგარები, რომლებიც სიკვდილს გიქადით“ – ენერგოომბუდსმენი „მედიაცენტრ მთავარში“

„2019 წელი ფაქტობრივად იყო კატასტროფების წელი და ვერ ავიცილეთ თავიდან დიდი აფეთქებები და მსხვერპლი,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“, ენერგოომბუდსმენმა, სალომე ვარდიაშვილმა განაცხადა.

ვარდიაშვილის ინფორმაციით, მიმდინარე წელს კატასტროფების მაჩვენებელი მკვეთრად შეიცვალა, როგორც ენერგოომბუდსმენი განმარტავს სახელმწიფო მუშაობს ნორმატიულ აქტებზე, რაც ხანგრძლივი პროცესია.

ვარდიაშვილი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ „მკვლელი“ დანადგარები სახლიდან გაიტანონ:

„დავიწყეთ ნორმატიულ აქტებზე მუშაობა, მაგრამ ეს არ არის მცირე პროცესი, რომ ყველაფერი ნაჩქარევად გაკეთდეს, ბაზარი არაა მზად, ამიტომ ეს პროცესი ძალიან ნელა მუშავდება და ეს რჩება ნაღმად, გვინდა, რომ მოწესრიგებული იყოს ნორმატიული აქტები.

ჩვენ არ გვაქვს ახალი შემთხვევები, რადგან ბევრი ვიმუშავეთ ცნობიერების ამაღლებაზე, ეს არის საუკეთესო მაგალითი იმის, რომ სანქციებით კი არ მივიყვანეთ მოქალაქეები ამ შეგნებამდე, არამედ ცნობიერების ამაღლებით, ისინი აღარ რთავენ თვითნებურად მკვლელ დანადგარებს, უზარმაზარი სტატისტიკა დევს კომპანიაში,იმის თუ რამდენმა ჩახსნა თვითონვე თვითნებურად დამონტაჟებული დანადგარები, მაგრამ ეს არის მაინც სარისკო და საფრთხილო.

კერძო სახლებით დასახლებული უბნები განსაკუთრებით საყურადღებოა. ყველა ეს დასახლება, სადაც ისე არის დაყოფილი საცხოვრებელი ფართები, რომ თითოეულ მათგანისთვის არის საჭირო ინდივიდუალურ დაქსელვა არის სარისკო, პრობლემა არის ის, რომ შიდა დაქსელვა მოწყობილია არასწორად, ამიტომ რადგანაც უკვე ცივი სეზონის პიკია, კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ მომხმარებლებს დაუჯერონ ყველა სახის რეკომენდაციას, გაიტანონ სახლიდან ისეთი სახის დანადგარები, რომლებიც სიკვდილს უქადის მათ და ნებისმიერი ეჭვის შემთხვევში დაგვიკავშირდნენ,“ – განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები