“სომხეთში ვარ და ვაგრძელებ მუშაობას, როგორც პრემიერ-მინისტრი” – ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მორიგ განცხადებას ავრცელებს.

ნიკოლ ფაშინიანი ამბობს, რომ ის სომხეთშია და პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულებას აგრძელებს.

„რა თქმა უნდა, სომხეთში ვარ და ვაგრძელებ მუშაობას, როგორც პრემიერ-მინისტრი“, – წერს ფაშინიანი „ფეისბუქზე“.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გვიან ღამით განაცხადა, რომ რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტას ითვალისწინებს. სომხეთის პრემიერის განცხადებას ერევანში პროტესტი მოჰყვა. ასობით ადამიანი ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბა. დემონსტრანტების ნაწილი მთავრობის სახლში შეიჭრა. აქციის მონაწილეები ფიზიკურად გაუსწორდნენ სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს. სომხეთის პრემიერმა მოგვიანებით გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნა, რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.

შეთანხმებას ზეიმი მოჰყვა ბაქოს ქუჩებში. განცხადება გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმაც, რომლის თქმით, „ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საქმეში წერტილი დასმულია“. ალიევის განმარტებით, შეთანხმების ერთ-ერთ პუნქტს მთიან ყარაბაღში რუსეთისა და თურქეთის ერთობლივი სამშვიდობო მისია წარმოადგენს.

მსგავსი თემები