ბრძოლა, იმედი, თავისუფლება – ხატია დეკანოიძე   

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოძე ხელისუფლებას მიმართავს, ე.წ. თავების თვლას თავი დაანებოს და სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები ჩაატაროს.   

„შეეშვით თავების დათვლას, შეეშვით ადამიანებთან ჭიდაობას, შეეშვით წყლის ჭავლს, რეზინის ტყვიებს, იმიტომ, რომ ხალხთან ჭიდილი არც ერთ ხელისუფლებას არ გასვლია და ვერც ერთი ხელისუფლება გაუმკლავდება იმას, როდესაც შენი თანამოქალაქეები ითხოვენ –  თავისუფლებას და შენ ამ თავისუფლების წინააღმდეგ მიდიხარ“ – ასე მიმართა დეკანოიძემ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციიდან ხელისუფლებას.

მისი განცხადებით, უკან დახევას არავინ აპირებს.

„თქვენთან ერთად ვართ ამ ძალიან ღირსეულ და დიდ ბრძოლაში და ეს ბრძოლა არის ზუსტად ჩვენი მომავლისთვის, ქვეყნისთვის და არავინ არ აპირებს უკან დახევას. ეს უნდა ესმოდეს ბიძინა ივანიშვილს, ადამიანს, რომელმაც შესაძლოა ახლა გადაწყვიტა, რომ მე თავებს დავითვლი და ამ ქვეყანაში არჩევნებს აღარ ჩავატარებო…  ჩვენ ვინც აქ ვართ, ვართ ამაყები, რადგან ვართ სწორ მხარეს, რომელ მხარესაც უნდა ვიდგეთ ყოველდღიურად. მხარე, რომელიც არის ჩვენი სიმართლე, ჩვენი მომავალი, სინათლე და რაც მთავარია, ჩვენი ერთად ყოფნა, რადგან ერთად ყოფნის გარეშე არაფერი არ გამოგვივა…ნუ ეგონება, რომ რაღაც ბზარს შეიტანს ჩვენში ან დაგვემუქრება ან დაგვყოფს – არა, იმიტომ რომ ყველა ერთად უნდა ვიდგეთ, რადგან ჩვენი სამშობლო არის ერთი, ყველა ამ სამშობლოს შვილები ვართ და არ ვაპირებთ სამშობლო დავუთმოთ ბიძინა ივანიშვილს. დიახ, ჩატარდება თავისუფალი არჩევნები…“განაცხადა დეკანოიძემ აქციაზე.

მსგავსი თემები