„დავიძრათ „ქაჯეთის ციხისკენ“ – იქ არავინ შევა და არავინ გამოვა“ – აქციის მონაწილეები ცესკოსკენ იძრებიან

20:00 საათის შესრულების შემდეგ, ნიკანორ მელიამ აქციის მონაწილეებს მიმართა და ყველას ცესკოს შენობისკენ დაძვრისკენ მოუწოდა, რომელსაც „ქაჯეთის ციხე“ უწოდა. მისივე თქმით, უმრავლესობის ლიდერები მასთან კავშირზე გავიდნენ და მოლაპარაკება ხვალისთვის შესთავაზეს.  

„ხელისუფლება ვალდებულია, დღეს დაგველაპარაკოს, ამბობენ ხვალ დავილაპარაკოთო… სანამ შეხვედრა არ შედგება, არც ერთ ჩვენგანს დაპირებების არ სჯერა. მოქმედების დროც არის ყველაფერთან ერთად. მივიღეთ გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეყოლებას სჭირდება შესრულება. ეს ბრძოლა შეუწყვეტელი იქნება. ხალხი იქნება გარეთ სულ, ყველა ქალაქში და რეგიონში. ჩვენ, ახლა, ყველა ერთად უნდა გადავინაცვლოთ და წავიდეთ  იქ, დავრჩეთ იქ  და კომენდანტის საათი დავუწესოთ ცესკოს შენობას. ვერავინ იქ ვერ შევა და ვერავინ იქიდან ვერ გამოვა, სანამ არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები.

ახლა, ელბაქიძის დაღმართით ჩავალთ, იქ არის „ქაჯეთის ციხე“. იქ ხვალ დილიდან არავინ უნდა შევიდეს და არავინ  გამოვიდეს. ეს არის გეგმის ერთი ნაწილი. ოპოზიციას აქვს გაწერილი გეგმა და ამ გეგმით უნდა ვიაროთ“ – განაცხადა ნიკანორ მელიამ აქციაზე და ყველას დაძვრისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა და ცესკოს თავმჯდომარის გადასაყენებლად ვადა 20:00 საათამდე მისცა.  

მსგავსი თემები