„გვინდა ასეთ საქართველოში ცხოვრება; გვინდა წავიდეთ უკან?“ – გიორგი მარგველაშვილი ოპოზიცია ბრძოლისკენ მოუწოდებს

  •  

“როგორ შეიძლება ამ ხალხის ხელისუფლება გერქვას და საერთოდ ვერ გრძნობდე ამ საზოგადოებას; როგორ შეიძლება საკუთარ თავს ამ ხალხის მთავრობას უწოდებდე და საერთოდ არ იცოდე ამ ხალხის ისტორია” – ეს განცხადება პარლამენტი წინ, აქციაზე მისულმა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა და აქციის მონაწილეები ბრძოლისთვის გაამხნევა.   

„ჩვენ დღეს ვდგავართ აქ გაბრაზებულები, ჩვენ ვდგავართ აქ შეურაცხყოფილები და ცოტა გაოცებულებიც, რადგანაც ვერცერთი გაკვეთილი ვერ ისწავლა ამ ხალხმა ისტორიის; ვერ ისწავლა იმის გაკვეთილი, რომ ქართველ ხალხს ვერ დაამონებს. ეს თვალნათლივ ჩანდა მთელი ჩვენი ქვეყნის ისტორიის მანძილზე, როგორ შეიძლება ამ ხალხის ხელისუფლება გერქვას და საერთოდ ვერ გრძნობდე ამ საზოგადოებას?! როგორ შეიძლება საკუთარ თავს ამ ხალხის მთავრობას უწოდებდე და საერთოდ არ იცოდე ამ ხალხის ისტორია“ – განცხადა მარგველაშვილმა და აღნიშნა, რომ აქ, ქართულ საზოგადოებას არასდროს წაუგია და არც ახლა წააგებს.   

„აქ ვდგავართ ამდენი წლის განმავლობაში და არც ერთხელ წაუგია ქართველ საზოგადოებას, როგორც შეიძლება ეს არ იცოდე? კიდევ კარგი აქ ვდგავართ არამხოლოდ ის ხალხი, ვინ 30 წლის წინაც აქ ვიყავით, არამედ მე ვხედავ იმ ახალგაზრდობას, რომელსაც გადავაბარებთ ჩვენ მომავალ ხელისუფლებას. მინდა მივმართო არამარტო ამ მიტინგს, არამედ იმ ხალხს ვინც ტელევიზიით გვისმენს, მინდა მივმართო იმ ხალხს ვინ „ქართული ოცნება“ შემოხაზა – კიდევ კარგი რომ ჩვენ დღეს აქ ვდგავართ, ჩვენი პროტესტი რომ არ ყოფილიყო, რა საქართველოში გაიღვიძებდა საქართველოს?! ყველა მოქალაქე იმ საქართველოში გაიღვიძებდა, სადაც აი, ის მოკრიმინალო, ისტერიული კრიმინალები მიადგებოდნენ და რასაც უნდოდათ მოსთხოვდნენ. იმ საქართველოში გაიღვიძებდნენ, სადაც უსამართლობა იქნება დაწესებული ფორმა. ეს ყველას შეეხებოდა, არ აქვს მნიშვნელობა რა შემოხაზა. გვინდა ასეთ საქართველოში ცხოვრება; გვინდა წავიდეთ უკან?“ – აღნიშნა მარგველაშვილმა.   

მან ოპოზიცია გაამხნევა და აღნიშნა, რომ უნდა იბრძოლონ.

„ოპოზიციამ დღეს აჩვენა უპრეცედენტო ერთობა, დღეს ოპოზიციამ აჩვენა პრინციპულობა, ოპოზიციამ აჩვენა ის, რასაც ჩვენ წლების განმავლობაში ვითხოვდით ოპოზიციისგან, მან დაიცვა მოქალაქის ხმა. ოპოზიციამ აჩვენა, რომ არ გაიყიდებიან არცერთ გადმოგდებულ ლუკმაზე და მეტი რა უნდა აჩვენოს ოპოზიციამ?“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მსგავსი თემები