“ზეწოლა, მუქარა და მკვლელობა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა” – ირაკლი კობახიძე

“ზეწოლისა და მუქარის აღნიშნული ფაქტი შეგვახსენებს, თუ რამდენად დანაშაულებრივ პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს ჩვენ საქმე „ნაციონალური მოძრაობის“ სახით”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ პირებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „სწორედ თავისი დანაშაულებრივი წარსულისა და აწმყოს გამო მიიღო ამ პოლიტიკურმა ძალამ მკაცრი პასუხი ქართული საზოგადოებისგან და იწვნია მძიმე მარცხი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში“

„გვინდა გამოვეხმაუროთ „ნაციონალური მოძრაობის“ ორი აქტივისტის დაკავებას, რომლებმაც განახორციელეს ზეწოლა და მუქარა ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის მიმართ, რის შედეგადაც 43 წლის ახალგაზრდა ადამიანი რამდენიმე საათში გულის შეტევით გარდაიცვალა. ზეწოლისა და მუქარის აღნიშნული ფაქტი შეგვახსენებს, თუ რამდენად დანაშაულებრივ პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს ჩვენ საქმე „ნაციონალური მოძრაობის“ სახით. ზეწოლა, მუქარა და მკვლელობა არის ამ პოლიტიკური პარტიის ხელწერა, რომლითაც ის გამოირჩეოდა ცხრა წლის მანძილზე ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში. ვხედავთ, რომ საქმიანობის ამ ფორმებსა და მეთოდებს ისინი არ იშლიან არც ოპოზიციაში ყოფნის პირობებში. უპირველეს ყოვლისა, სწორედ თავისი დანაშაულებრივი წარსულისა და აწმყოს გამო მიიღო ამ პოლიტიკურმა ძალამ მკაცრი პასუხი ქართული საზოგადოებისგან და იწვნია მძიმე მარცხი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა აქტივისტი, რომელიც შეეცდება ადამიანებზე ზეწოლას და მათ დაშინებას, მიიღებს პასუხს კანონის მთელი სიმკაცრით“, – განაცხადა კობახიძემ.

პოლიციამ, 7 ნოემბერს, თბილისში ქრთამის მიცემის, ჯგუფურად ჩადენილი იძულებისა და მუქარის ბრალდებით ორი პირი დააკავა. საქმე ეხება ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიებას.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 6 ნოემბერს, ბრალდებულები ისნის N5 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს – თედორე გობეჯიშვილს შეხვდნენ და შესთავაზეს, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის სახელით 50 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, პრესის თანდასწრებით, დემონსტრაციულად დაეტოვებინა თანამდებობა და გაეკეთებინა განცხადება, თითქოსდა არჩევნები გაყალბდა. აღნიშნული განცხადების გაკეთების შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი სარგებლის მიღებას დაჰპირდნენ. მას შემდეგ, რაც თედორე გობეჯიშვილისგან უარი მიიღეს, ბრალდებულები ისნის N5 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს დაემუქრნენ ანგარიშსწორებით და აიძულებდნენ დასთანხმებოდა შემოთავაზებულ წინადადებას.ბრალდებულებთან შეხვედრის მეორე დღეს – 2020 წლის 7 ნოემბერს 1977 წელს დაბადებული თედორე გობეჯიშვილი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში გარდაიცვალა“, – ნათქვამია შსს-მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები