ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე გარდაცვლილი ნახეს

ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე, თედორე გობეჯიშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა. მიზეზი, სავარაუდოდ, გულის შეტევა გახდა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების აზრით, კომისიის თავმჯდომარემ ბოლო დღეებში სტრესი გადაიტანა:

„თქვეს, რომ ინერვიულა ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, არცერთი ადამიანის სიცოცხლედ არ ღირს ის, რაც ქვეყანაში მოხდა. არ არის ადვილი ამხელა ზეწოლის და სტრესის გაძლება,“ – განაცხადა პოლიტიკური მოძრაობდა „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ.

43 წლის თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ცესკომაც:

“ცენტრალური საარჩევნო კომისია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების გამო.

თედორე გობეჯიშვილი 43 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. ის საარჩევნო ადმინისტრაციაში 2006 წლიდან მუშაობდა; 2008 – 2016 წლებში საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე იყო, 2018 წლის თებერვლიდან დღემდე კი ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. თედორე გობეჯიშვილს ჰქონდა საარჩევნო საკითხებზე მუშაობის დიდი გამოცდილება  და  გამოირჩეოდა მაღალი პასუხისმგებლობითა და  პროფესიონალიზმით. საარჩევნო ადმინისტრაცია უსამძიმრებს თედორე გობეჯიშვილის ოჯახს, კოლეგებს და ახლობლებს,” – ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი თემები