“იარაღით გადაადგილდებოდნენ საარჩევნო უბნებთან ეს იყო ამ გეგმის ნაწილი” – ირაკლი კობახიძე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვები გრძელდება. სუს-მა გამოკითხა საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე, რომელმაც უწყებას ყველა დოკუმენტი მიაწოდა, სადაც ქვეყანაში მოსალოდნელი დესტაბილიზაცის წყარო დაასახელა. მანამდე ირაკლი კობახიძემ გააკეთა განცხადება, რომ არჩევნებს შემდეგ ქვეყანაში პროვოკაციები იყო მოსალოდნელი.

„საბოლოო ჯამში გამოძიება ამაზე გავა, იმიტომ რომ იყო ძალიან მკაფიო გეგმა შედგენილი და ამ გეგმის აღსრულების ნიშნები საზოგადოებამაც ნახა თუნდაც არჩევნების დღეს. როდესაც ადამიანები ელექტროშოკებით და იარაღით გადაადგილდებოდნენ საარჩევნო უბნებთან ეს იყო ამ გეგმის ნაწილი. ჩვენ საჯარო განცხადება გავაკეთეთ არჩევნების დღეს და მათ ეს გეგმა ვერ განახორციელეს. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია და სხვები ღიად საუბრობენ მათ რევოლუციურ სცენარზე. აქედან გამომდინარე ეს ქმედებები, რომლებიც ხორციელდება, მაგალითად გუშინ საოლქო კომისიებთან 20-20 კაცი იყო შეკრებილი და დესტრუქციულად იქცეოდნენ, ეს იყო ამ გეგმის შემადგენელი ნაწილი“, – აღნიშნა კობახიძემ.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობა“ ყველა არჩევნებზე ცდილობდა ასეთი სცენარის განხორციელებას, მაგრამ არც ერთხელ არ გამოუვიდა.

„იმიტომ რომ ესაა შემდგარი სახელმწიფო, შემდგარი ხელისუფლება, რომელიც საკადრის პასუხს გასცემს ბუნებრივია ყველას, ვინც შეეცდება კანონის დარღვევას“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები