“თუ დაითვლით კანონიერ ხმებს, მე ადვილად მოვიგებ” – დონალდ ტრამპი

“თუ დაითვლით კანონიერ ხმებს, მე ადვილად მოვიგებ, თუ დაითვლით უკანონო ხმებს, მათ შეუძლიათ არჩევნები მოგვპარონ”, – ამის შესახებ აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„უკვე ნამდვილად გავიმარჯვე რამდენიმე მნიშვნელოვან შტატში, მათ შორის ფლორიდაში, აიოვაში, ინდიანაში, ოჰაიოში. ჩვენ ისტორიული რიცხვებით მოვიგეთ,“- განაცხადა ტრამპმა.

მან ქვეყანაში ჩატარებული საარჩევნო პროცედურა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

„აღმაშფოთებელი არჩევნები გვქონდა. ბევრი სისულელე და ტყუილი იყო და ამას ჩვენს ქვეყანაში ვერ ავიტანთ,“- აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ამომრჩეველთა კოლეგიის ხმების მიხედვით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ამ ეტაპზე ჯო ბაიდენი ლიდერობს.

CNN-ის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, პრეზიდენტობის „დემოკრატ“ კანდიდატს 253 ხმა აქვს, მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კი 213.

მსგავსი თემები