“საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვა სწრაფად უნდა მოხდეს” – NDI

NDI საქართველოს ოფისის დირექტორის თქმით, მთავრობამ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრები სწრაფად უნდა განიხილოს, ხმები ხელახლა გადაითვალოს და საჭიროების შემთხვევაში განმეორებითი არჩევნები ჩაატაროს. ალან გილამი  აცხადებს, რომ 21 ნოემბერს მეორე რაუნდის მოახლოებასთან ერთად, ხელისუფლებამ ბევრი უნდა გააკეთოს იმის უზრუნველსაყოფად, რათა არჩევნების მიმართ საზოგადოებას ნდობა ჰქონდეს.

“ჩვენ გვსურს ვიხილოთ პროგრესი საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე. ამ ეტაპზე იმას ვიტყოდით, რომ მთავრობამ დამატებითი ძალისხმევა უნდა გაწიოს იმისთვის, რომ სწრაფად და სწორად განიხილოს საჩივრები, ჩაატაროს ხელახალი დათვლა და გამართოს განმეორებითი არჩევნები, სადაც ეს საჭიროა. ასევე გამოიძიოს ძალადობისა და დაშინების ცნობები და კანონის სრული ძალით გაასამართლოს დამრღვევები და მიიღოს ყველა ზომა მომავალში მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად. სანამ არ გვეცოდინება საჩივრების განხილვის პროცესის შედეგი, ნაადრევია იმის თქმა, უნდა გაუქმდეს თუ არა ამ არჩევნების ნებისმიერი ნაწილი. შემდეგი გამოცდა მეორე ტურია, რომელიც უნდა გაიმართოს მშვიდობიან, გამჭვირვალე, სამართლიან გარემოში. მთავრობამ და საარჩევნო უწყებების ოფიციალურმა პირებმა დაუყოვნებელი და მდგრადი ნაბიჯები უნდა გადადგან იმის საჩვენებლად, რომ ამომრჩევლის ნებას პატივს სცემენ,”- აცხადებს ალან გილამი.

მსგავსი თემები