“სუს-ში დავასახელე ჩემი ინფორმაციის წყარო, ასევე ინფორმაციის შინაარსი და წარვადგინე ადამიანების სიები” – ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ე.წ. რევოლუციურ სცენარზე მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოკითხეს.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, უწყებაში ინფორმაციის წყაროზე ისაუბრა, ასევე წარადგინა სია იმ ადამიანების, რომლებიც მოაზრებული იყვნენ დესტრუქციული ქმედებისთვის.

„ვიმყოფებოდი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავავრცელე, რომელიც უკავშირდებოდა ე.წ. რევოლუციური სცენარის ფარგლებში „ნაცმოძრაობის“ ლიდერების და აქტივისტების სამზადისს. სუს-ში დავასახელე ჩემი ინფორმაციის წყარო, ასევე ინფორმაციის შინაარსი და წარვადგინე ადამიანების სიები, რომლებიც იყვნენ მოაზრებული ასეთი დესტრუქციული სცენარისთვის. ამასთან დაკავშირებით შედგა გამოკითხვა. ჩვენ ვთქვით, რომ შექმნილი იყო ჯგუფები, ე.წ. ეკიპაჟები, რომლებშიც შედიან ყოფილი ძალოვნები, მათ ჰქონდათ გარკვეული ტიპის შეიარაღება და გამოჩნდნენ შეიარაღებული ადამიანები არჩევნების დღეს, მათ შორის ელექტროშოკებით. ძალიან კარგად ჩანდა, რა იყო მიზანი არჩევნების დღეს და არჩევნების შემდგომ პერიოდთან დაკავშირებითაც. ჩვენ დავასახელეთ მათი ლიდერები, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არის ამ ყველაფრის ლიდერი და  ამ კუთხით მოქმედებდნენ ასევე მაგალითად, დევი ჭანკვეტაძე, დიმიტრი შაშკინი და სხვები, ეს ყველაფერი იგეგმებოდა მათ მიერ“, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები