“სააკაშვილი მუდმივად გვეუბნება, რომ არეულობა უნდა მოხდეს” – გიორგი ვოლსკი

“სამწუხარო ფაქტია, რომ უკვე დიდი ხანია ამაზე ვლაპარაკობთ თუ როგორ მზადდება და როგორი ენერგიით იტვირთება ვითომ საპროტესტო და სინამდვილეში რევოლუციური პროცესები”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ საარჩევნო უბნებთან მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით განაცხადა.

„ვინმეს გაყალბება რომ ნდომოდა, დაშვების დონეზეც არ მინდა ამაზე ლაპარაკი, თუმცა შეედავებოდა ვინმე მაგალითად, საბურთალოზე დავით სერგეენკოს გამარჯვებას, რომელმაც რადიკალურად შეცვალა საქართველოს ისტორია და ამდენი ხალხი სასიკვდილო სარეცელიდან ააყენა. ან თუნდაც ჩემს გამარჯვებას – რატომ მაქვს 43% და რატომ არ მაქვს მაგალითად, 53 ან 48%? შენიშვნები არის, მაგრამ მთლიანობაში დასკვნა არის ერთი, რომ არჩევნებისთვის ყველა პირობა იყო შექმნილი და ადამიანებმა თავისი ნება თავისუფლად გამოხატეს“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელთა გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ მიზანს დაუმორჩილებლობის ტალღის აგორება წარმოადგენს, რადგან იციან, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებას ვერ შეცვლიან.

„2014 წლიდან მიმდინარეობს ჩემი დაკვირვება ყველა განცხადებაზე, რასაც სააკაშვილი მუდმივად გვეუბნება, რომ არეულობა უნდა მოხდეს და დაინგრეს ყველაფერი, ვინაიდან არჩევნების გზით არ შეიძლება ხელისუფლება შეიცვალოს. საზოგადოებაში წითელი ხაზის გავლება და ანტაგონიზმი ვისი ხელწერაც იყო ხომ ვნახეთ! სისხლისღვრას ვინ გეგმავდა ხომ მოვისმინეთ ყველამ. ქართველ ხალხს დედას ვინ აგინებდა, ხომ მოვისმინეთ! ხომ ვხედავთ რაც ხდება, ვინ ვისი ენით ლაპარაკობს და ვინ რას მოუწოდებს. იმის განცხადება ახლა, რომ სააკაშვილმა კოვიდ-19 გადაიტანა და აუცილებელი არ არის ხალხი დაემორჩილოს რეგულაციებს, მიტინგებზე გავიდეს და ხმაც უნდა დაიცვას. ამათ სხვა თემა აქვთ მხედველობაში – დაუმორჩილებლობის ტალღა წავიდეს, რადგან ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ხედავენ თუ რა ხდება, რეალურად გაცილებით მეტია ვიდრე რევოლუციურად განწყობილი ლიდერების გარშემო შემოკრებილი ადამიანები. მათ შორის, ოპოზიციის მხარდამჭერებიც ბევრნი არიან, რომლებიც ამ სისხლიან სცენარს არანაირად არ გაყვებიან, რადგან არ აქვთ ამის საფუძველი“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მსგავსი თემები