“ეს პოლიტიკური პროცესი ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე ხდება ქუჩებში და ეს პირდაპირ აისახება ინფიცირებულების რაოდენობის ზრდაზე” – მაია ცქიტიშვილი

ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე აქტიური პოლიტიკური პროცესი ინფიცირებულების რაოდენობის ზრდაზე აისახება. როგორც ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პოლიტიკურ პროცესებში მონაწილე პირებმა საკუთარი პასუხისმგებლობა უნდა გაიზიარონ და წესების დაცვით იმოქმედონ.

„პოლიტიკური პროცესი ქვეყანაში ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ვხედავთ, რომ ეს პოლიტიკური პროცესი ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე ხდება ქუჩებში და ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება ინფიცირებულების რაოდენობის ზრდაზე და როგორც ჩანს, გვექნება სწრაფი ზრდა. თუ პოლიტიკური პროცესის ყველა მონაწილემ არ გაიზარა, რომ პასუხისმგებლობა აქვს ამ პროცესში და არ დაიწყო ყველა წესის შესრულება, ეს მოგვიტანს ინფიცირებულების რაოდენობის მკვეთრ ზრდას. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, აუცილებელია, რომ მოხდეს საზოგადოების კონსოლიდაცია, უნდა ვიყოთ ერთიანები, მოქალაქეები, ბიზნესი და ყველა პოლიტიკური აქტორი და ყველა ჩვენგანის ამოცანაა, დავიცვათ ჩვენი თანამოქალაქეები და დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. ამისთვის, ჩვენ უნდა დავიცვათ ყველა ის წესი, რომელიც დადგენილი და აპრობირებულია მთელ მსოფლიოში და რომელიც ძალიან მარტივად შესასრულებელია“,- განაცხადა ცქიტიშვილმა.

ამასთან, მაია ცქიტიშვილი დამსაქმებლებს მოუწოდებს თანამშრომლები დისტანციურ რეჟიმში ამუშავონ.

„გაცემულია მითითება საჯარო სექტორში, მაქსიმალურად გადავიდნენ დისტანციურ რეჟიმში, ასევე მოვუწოდეთ კომერციულ სექტორსაც და დღესაც მოვუწოდებთ, გთხოვოთ ყველას, ყველა დამსაქმებელს, რომ მაქსიმალურად მოვახერხოთ და ჩვენი თანამშრომლები ვამუშავოთ სახლიდან“,- განაცხადა ცქიტიშვილმა.

მსგავსი თემები