ჯონ მაკკეინი მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა

​აშშ-ს სენატორი, ვიეტნამის ომის გმირი, “თეთრი ტორნადოს” სახელით ცნობილი ჯონ მაკკეინი მძიმე ავადმყოფობის შედეგად, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიცოცხლის ბოლო წუთები მან ქალაქ სედონაში, საკუთარ სახლში, ოჯახის წევრების გარემოცვაში გაატარა.

ერთი წლის წინ მას თავის ტვინის სიმსივნის მძიმე ფორმა – გლიობლასტომა დაუდგინეს, მარცხენა საფეთქელთან მქონე არხიდან ამოუღეს შედედებული სისხლი და დაზიანებული ქსოვილი. რამდენიმე დღის წინ კი მისმა ოჯახმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაკკეინმა მკურნალობა შეწყვიტა.

„შარშან ზაფხულს, სენატორმა ჯონ მაკკეინმა ამერიკელებს გაუზიარა ამბავი, რომლის შესახებაც ოჯახმა უკვე ვიცოდით: მას დაუსვეს აგრესიული გლიობლასტომის დიაგნოზი. პროგნოზი იყო მძიმე. ერთი წლის განმავლობაში ჯონმა თავისი სიცოხლისუნარიანობით ყველა მოლოდინებს გადააჭარბა, მაგრამ ავადმყოფობის შეუქცევადმა პროგრესმა და ასაკმა განაჩენი გამოუტანა,“- ნათქვამია ოჯახის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მაკკეინს მეუღლე სინდი და 7 შვილი დარჩა. სენატორის დედა რობერტა მაკკეინი 106 წლის ასაკში საკუთარი შვილის სიკვდილს მოესწრო.

მაკკეინის გარდაცვალების გამო მწუხარება უკვე გამოთქვეს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, სახელმწიფო მდივანმა პომპეომ, ბარაქ ობამამ და ჯორჯ ბუშმა.

ჯონ მაკკეინი საქართველოს მეგობარი, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დამცველი იყო.

„დღეს ყველა ქართველები ვართ!“-ეს მაკკეინის ცნობილი ფრაზაა, რომელიც მან  2008 წლის აგვისტოს ომის დროს, რუსეთისა და პუტინის წინააღმდეგ, საქართველოს მხარდასაჭერად გააკეთა.

სენატორი მაკკეინი საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერი იყო და აცხადებდა, რომ საამაყოა ის, რასაც ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში აკეთებენ. “ყველაზე სამარცხვინო ის არის, რომ ახლა ნაკლებად თუ ადარდებს ვინმეს საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესია. ყოველთვის, როცა დასავლეთი ყურადღებას ასუსტებს, რუსეთი საზღვრის ხაზს სწევს. მიმაჩნია, რომ საქართველო იმსახურებს ნატოში გაწევრიანებას. ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, ქართველებს, ალიანსთან მიერთების უფრო მკაფიო გზას შევთავაზებდი. ამ პოლიტიკას, შესაძლოა, არ იზიარებდეს ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაცია, მაგრამ საქართველო და მისი ჯარი ავღანეთში გვერდში დაგვიდგა. ვიცი, რომ საქართველო თვითონაც ამაყობს ამ კონტრიბუციითა და მისი ჯარისკაცების სიმამაცით,” – აცხადებდა სენატორი ​2016 წელს “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში.

მაკკეინის ბაბუა და მამა აშშ-ის საზღვაო ფლოტის ოთხვარსკვლავიანი ადმირალები იყვნენ. ჯონმაც დაამთავრა აშშ-ის საზღვაო აკადემია 1958 წელს და საზღვაო ფლოტის მფრინავი გახდა.

მონაწილეობდა ვიეტნამის ომში. 1967 წლის ოქტომბერში ჰანოის დაბომბვის დროს იგი ჩამოაგდეს, რის შემდეგაც მან 5,5 წელი ტყვეობაში გაატარა, სადაც მან სერიოზულ წამებას გაუძლო მანამდე, სანამ პარიზის სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ 1973 წლის მაისში არ გაათავისუფლეს.

1981 წელს მაკკეინი საზღვაო ფლოტიდან წავიდა, გადავიდა არიზონაში და პოლიტიკაში ჩაერთო. 1982 წელს ჯონ მაკეინი არიზონის შტატიდან წარმომადგენელთა პალატაში აირჩიეს, ხოლო 1987 წლიდან არიზონის სენატორი იყო. 2008 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ის ბარაქ ობამასთან დამარცხდა. იგი ასევე იყო პრეზიდენტობის კანდიდატი რესპუბლიკური პარტიიდან 2000 წლის არჩევნებში, მაგრამ პრაიმერში, ანუ პარტიის შიგნით ჩატარებულ არჩევნებში ჯორჯ ბუშმა დაამარცხა.

მსგავსი თემები