ცესკო მხარეებს მიმართავს, იმოქმედონ კანონის ფარგლებში და ხელი შეუწყონ საარჩევნო კომისიებს შემაჯამებელი ოქმების გადათვლის პროცესის მშვიდ გარემოში განხორციელებაში

  •  

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია საოლქო საარჩევნო კომისიებში მიმდინარე სამართლებრივ პროცესებზე, რაც საჩივრების განხილვას უკავშირდება.

ცესკო-ს წევრის, გიორგი შარაბიძის განცხადებით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ჯერ კიდევ გუშინ გააკეთა განცხადება ჩართულ მხარეებთან შეხვედრაზე, რომ ნებისმიერ შემაჯამებელ ოქმთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება შეიცავდეს კითხვის ნიშნებს მონაცემებში არსებული შესაძლო სერიოზული შეცდომების შესახებ, იქნებოდა განხილული მაღალი პროფესიული სტანდარტით და ყველა უფლებამოსილი მხარის მონაწილეობით.

„ცნობილია, რომ ცესკო-ს უფლებამოსილებას აღემატება საოლქო საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებებში და მათ დისკრეციულ უფლებამოსილებებში ჩარევა. თუმცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე მიაწოდა რეკომენდაცია და გააცნო ცესკო-ს ცალსახა პოზიცია საოლქო საარჩევნო კომისიებს, რომ ის შემაჯამებელი ოქმები, რომელთა მიმართაც შესაძლოა არსებობდეს საფუძვლიანი მოთხოვნები და დასაბუთებული გარემოებები, გაიხსნას და გადაითვალოს მათ მიერ.

ასევე, გაცემულია რეკომენდაცია, რომ აღნიშნული გადათვლის პროცესი ჩატარდეს გამჭვირვალედ, ყველა უფლებამოსილი მხარე იყოს ჩართული და ინფორმირებული მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ, რათა მათ შეძლონ ამ პროცესის მონიტორინგი“, – განაცხადა გიორგი შარაბიძემ.

ამასთან, ცესკო მიმართავს ჩართულ მხარეებს, იმოქმედონ კანონისა და ეთიკის ფარგლებში და ხელი შეუწყონ საოლქო საარჩევნო კომისიებს აღნიშნული პროცედურების მშვიდ და პროფესიულ გარემოში განსახორციელებლად.

„მნიშვნელოვანია ასევე აღნიშნოს, რომ ჩვენ მიერ დამუშავებულია შემაჯამებელ ოქმებში ბიულეტენების ნაკლებობის სტატისტიკა. ჩვენ არაერთხელ განვმარტეთ და კიდევ გვსურს, გავიმეოროთ, რომ მაჟორიტარულ ნაწილში ბიულეტენების ნაკლებობის შემთხვევები არის სამართლებრივად სწორი და ძირითადად გვხვდება ე.წ. კოვიდ უბნებზე – 3001 და პენიტენციურ დაწესებულებებში გახსნილ უბნებზე – 2158, რაც საკანონმდებლო მოცემულობაა, ვინაიდან სპეციალურ სიებში შეყვანილი ამომრჩეველი, მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებს მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობას, თუ ის რეგისტრირებულია იმავე მაჟორიტარულ ოლქში.

დასასრულს მინდა, მოგახსენოთ, რომ ახლაც მიმდინარეობს ცალკეულ საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვის, გადამოწმებისა თუ გადათვლის პროცედურები, შესაბამისად, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოება უმოკლეს დროში იქნება ინფორმირებული“, – აღნიშნა გიორგი შარაბიძემ.

მსგავსი თემები