„მონა ხარ მონა“ – ხმაური „ახმეტელის“ მეტროსთან

ხმაური იყო გლდანში, ახმეტელის მეტროსთან, სადაც ერთმანეთს გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები და სამართალდამცავები დაუპირისპირდნენ.

მაშინ, როცა ნიკა მელია ოპოზიციის წევრებთან ერთად მოსახლეობას ესაუბრებოდა იმის თაობაზე, რომ კვირას 15:00 საათზე დაგეგმილ აქციაზე უნდა მისულიყვნენ, მელიასთან ერთ-ერთი მოქალაქე მივიდა და მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

პოლიციამ აღნიშნული პირი ადგილიდან გაიყვანა. თავად ნიკა მელიამ კი ადგილზე მყოფ პოლიციას მიმართა, სად იყვნენ მაშინ, როცა არჩევნების დღეს გლდანში ინციდენტი მოხდა, რასაც ნიკა მელიასა და პოლიციელს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

„მონა ხარ, მონა, დადექი ხალხის მხარეს,“ – ასე მიმართეს აქციის მონაწილეებმა სამართალდამცავებს.

„ბატონი სამმართველოს უფროსის მოადგილე, ვინმე მჟავია და კიდევ ვიღაც, რომლის გვარი აღარ მახსოვს, ყველა დარბევა რაც კი გლდანში ხორციელდებოდა, კადრებში ჩანდნენ, რომ იქ იყვნენ და არ აკავებდნენ. გული მეტკინა, კინაღამ ცრემლები წამომივიდა, იმდენად უსუსურად გამოიყურებოდნენ პოლიციელები და ახლა ეს პოლიციელი ამბობს, რომ (ინციდენტში მონაწილეს) სათამაშო იარაღი ეჭირაო“, – განაცხადა მელიამ.

მსგავსი თემები