შსს-მ მარნეულში დედა-შვილის მკვლელობის ბრალდებით მამა-შვილი დააკავა

სამართალდამცველებმა მარნეულში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე მამა-შვილი დააკავეს. მათ ბრალი ახალგაზრდა ქალის და მისი შვილის, 22 წლამდე მამაკაცის განზრახ მკვლელობა ედებათ. 

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მამა-შვილი 1982 წელს დაბადებული ა.რ. და 2004 წელს დაბადებული მ.რ. მარნეულში დააკავეს.

მათ ბრალი ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ედებათ.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახლოლალოში, მეზობლად მცხოვრებ დედა-შვილს – 1981 წელს დაბადებულ ზ.ბ.-ს და 1997 წელს დაბადებულ ა.რ.-ს, წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, მათივე საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღებიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს.

პოლიციამ ორივე ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღები – სანადირო თოფები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

დამამძიმებელ გარემოებებში ორი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ე” და მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.” – ნათქვამია განცხადებაში. 

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები