„მოვითხოვთ, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, ვიწყებთ უწყვეტ აქციებს“ – ირმა ინაშვილი

„პატრიოტთა ალიანსი“ პარლამენტის მანდატებზე უარს აცხადებს, თუმცა, ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო გამოსვლებს არ უერთდება და თავად იწყებს მხარდამჭერების მობილიზებას.

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” ცალსახად და საჯაროდ აცხადებს, რომ ჩვენ უარს ვამბობთ გაყალბებული არჩევნების შედეგების აღიარებასა და პარლამენტში შესვლაზე და მოვითხოვთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” დანიშნოს ხელახალი არჩევნები”,- ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

“2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები ტოტალურად და სამარცხვინოდ გაყალბდა. ვფიქრობთ, რომ ჩვენს მოწინააღმდეგეებსაც კი ესმით, რომ “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” ასეთ დაბალ პროცენტს ვერანაირ პირობებში ვერ აიღებდა. უახლოეს დღეებში ჩვენ ყველა საარჩევნო უბნის მიხედვით, დავასახელებთ ბიულეტენების რაოდენობას, რაც ხელისუფლებამ მოგვპარა. საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის თანახმად, საქართველოს პარლამენტი ლეგიტიმური ვერ იქნება, თუ მასში 100 დეპუტატზე მეტის უფლებამოსილება არ იქნება ცნობილი. დღეს ნათელია, რომ “ქართული ოცნება” ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გაიყვანს პარლამენტში 91 დეპუტატზე მეტს. სრულიად ნათელია, რომ ყველამ თქვა უარი გაყალბებული არჩევნების შედეგების აღიარებასა და პარლამენტში შესვლაზე. “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” ცალსახად და საჯაროდ აცხადებს, რომ ჩვენ უარს ვამბობთ გაყალბებული არჩევნების შედეგების აღიარებასა და პარლამენტში შესვლაზე და მოვითხოვთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” დანიშნოს ხელმეორე არჩევნები“ – განაცხადა ირმა ინაშვილმა

„პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი პარტიული სიაც გამოიწვიოს.

რაც შეეხება აქციებს, ირმა ინაშვილის თქმით, იქნება უწყვეტი ფართომასშტაბიანი აქციები, ვიდრე ხელისუფლება არ დანიშნავს ხელახალ არჩევნებს.

პირველი აქცია კი 7 ნოემბერს, 17:00 საათზე  თავისუფლების მოედანზე გაიმართება.

მსგავსი თემები