რესტორნების მუშაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით იზღუდება

„დღეს, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნებმა იმუშაონ 22:00 საათამდე“ – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზია რესტორნებში გამართული ღონისძიებებისა და წვეულებების დროს  ინფიცირების საკმაოდ ბევრი რაოდენობა.

„მოგეხსენებათ, რომ თბილისში, ქუთაისში, მცხეთაში და ბათუმში 22:00 საათამდე მუშაობდა ყველა კვების ობიექტი, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ რესტორნებში, იქ გამართული ღონისძიებებისა და წვეულებების დროს შეინიშნება ინფიცირების საკმაოდ ბევრი რაოდენობა, აქედან გამომდინარე, დღეს, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნებმა იმუშაონ 22:00 საათამდე.

გარდა ამისა, მინდა რომ შევახსენო მოსახლეობას,  დღეის მდგომარეობით, გვაქვს შეზღუდული იმ სოციალური ღონისძიებების ჩატარება, როგორიც არის ქორწილები, ქელეხები, დაბადების დღეები, ნათლობები და სხვა მსგავსი სოციალური სუფრები. მათი წევრების რაოდენობა შეზღუდულია 10 კაცამდე. კვლავ შევახსენებ ჩვენს მოსახლეობას, რომ დავიცვათ  ეს შეზღუდვა“, –  განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მსგავსი თემები