გერმანიის ბუნდესტაგში საქართველოს ევროინტეგრაციაზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს

საქართველო-გერმანიის ურთიერთობა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, გერმანიის როლი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესების მხარდაჭერის კუთხით, ოკუპაცია და რუსული აგრესია იყო საქართველოს პარლამენტისა და გერმანიის ბუნდესტაგის წევრებს შორის გამართული შეხვედრის მთავარი თემა, რომელშიც ორი ქვეყნის პარლამენტების წევრები, სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავას შეფასებით, საქართველოს გერმანიასთან წარმატებული თანამშრომლობას განაგრძობს  ყველა მიმართულებით, რაც საქართველოსთვის პრიორიტეტული და სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. გერმანიის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი კი ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რათა ამ პრიორიტეტულმა მიმართულებამ რეგულარული დიალოგის ფორმატი შეიძინოს.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტს ქართველმა ხალხმა ისტორიული უწოდა.

შეხვედრაზე, გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაციაში, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, რომელთაც განსხვავებული პოზიციები აქვთ საქართველოს ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. საქართველოს ევროინტეგრაციის თემამ შეხვედრაზე გარკვეული დისკუსია გამოიწვია.

​როგორც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავამ განაცხადა, აუცილებელია და, რაც მთავარია, არსებობს დიალოგის გაგრძელების რესურსი გერმანელ პოლიტიკოსებთან, რომ უფრო მყარი გავხადოთ პოზიცია გერმანულ პოლიტიკურ სპექტრში საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თაობაზე. ამ საკითხთან დაკავშირებით დიალოგი უნდა გაგრძელდეს.

შეხვედრაზე მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს რუსული აგრესიის წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტის მიერ განხორციელებულ ნაბიჯებსა და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესზე.

თამარ ხულორდავას ინფორმაციით, გერმანელმა დეპუტატებმა დადებითად შეაფასეს პროგრესი, რომელიც ქვეყანას ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესის თვალსაზრისით აქვს.

შეხვედრაში საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატებიც მონაწილეობდნენ. მათი შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხის წინ წამოწევა რთულია, ამაზე დიალოგი კიდევ უფრო უნდა გააქტიურდეს.

„გერმანიასთან საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხის წინ წამოწევა არ არის ადვილი, მაგრამ თუ ეს საკითხი არ იქნება დისკუსიის ნაწილი და ამაზე არ ვისაუბრებთ, მაშინ, ეს პროცესი წინ ვერ წაიწევს. გერმანიის დელეგაციაში სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები არიან, მათ შორის, ისეთები, რომლებიც სკეპტიკურად არიან განწყობილნი საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მიმართ, ამიტომ, ბუნებრივია, ეს საკითხი იწვევს დისკუსიას”, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

კიდევ ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ, გერმანელ კოლეგებთან შეხვედრისას  რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამოყენების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენ ვსაჭიროებთ დაცვას რუსეთის მხრიდან, რადგან მიდის მცოცავი ოკუპაცია. აუცილებელია, სანქციების გამოყენება რუსეთის წინააღმდეგ. ამ სანქციებში არა მხოლოდ უკრაინა, არამედ საქართველოც უნდა იყოს მოხსენიებული. საქართველო მიისწრაფვის ნატოსკენ და მას ადეკვატური მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს, პირველ რიგში, ევროპის ისეთი გავლენიანი ქვეყნისგან, როგორიც გერმანიაა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

მსგავსი თემები