„განსაკუთრებით ავღნიშნავთ იმ დამაშინებელ გარემოს, რომელიც შექმნილი იყო ბევრი საარჩევნო უბნის გარეთ“ – ნატოს საპარლამენტო ასამბლეა

  •  

2020-ის საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით მყოფი საერთაშორისო მისიების წარმომადგენლები, ამ წუთებში ჟურნალისტებს ხვდებიან და არჩევნებთან დაკავშირებით დასკვნას აცნობენ. როგორც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელმა განაცხადა, ეს იყო მნიშვნელოვანი არჩევნები საქართველოსთვის,  თუმცა, ყველაფერს უნაკლოდ არ ჩაუვლია, გამოხატვის თავისუფლება დაცული იყო, თუმცა, უბნებს გარეთ შექმნილი იყო დამაშინებელი გარემო.  

„ჩვენმა ათმა წევრმა მონაწილეობა მიიღო სადამკვირვებლო მისიაში თბილისსა და მცხეთაში და ნატოს საპარლამენტო ასამბლეა უკვე ყველა საპარლამენტო არჩევნებს უწევდა მეთვალყურეობას. დემოკრატია ჩვენი ალიანსის დამფუძნებელი პრინციპია და ნატოს საპარლამენტო ასამბლეისა და მისი წევრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მხარი დაუჭიროს საქართველოს დემოკრატიას. საქართველომ ასევე ნათლად გამოხატა თავისი მისწრაფება ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით და უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების დაკმაყოფილება ეს არის მოთხოვნა იმისათვის, რომ ამ მიზნის მიმართ პროგრესი განხორციელდეს. ეს მართლაც იყო მნიშვნელოვანი არჩევნები საქართველოსთვის, რადგანაც საქართველო უკვე გადადის მმართველობის საპარლამენტო სისტემაზე“ – განაცხადა ასამბლეის წარმომადგენელმა.

მისივე შეფასებით, შეინიშნებოდა ამომრჩევლებზე ზეწოლა და არათანაბარი სამოქმედო გარემო.

“გუშინ ჩვენ ვაკვირდებოდით კონკურენტულ არჩევნებს, სადაც ფუნდამენტური თავისუფლება, ზოგადად, დაცული იყო.  პროცედურების უმეტესობაც დაცული იყო, თუმცა ეს ნამდვილად არ იყო უნაკლო. განსაკუთრებით აღვნიშნავთ იმ დამაშინებელ ატმოსფეროს, რომელიც შექმნილი იყო ბევრი საარჩევნო უბნის გარეთ, აქტივისტების იქ ყოფნის გამო.  ბევრი საკითხია განსახორციელებელი. ამაში შედის როგორც მედიის პოლარიზება, ისე არასაკმარისი საკითხების გათვალისწინება კამპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებით, ასევე, ამომრჩევლებზე ზეწოლა და გამმიჯნავი ხაზის არარსებობა მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის. ეს საკითხები, რომელიც ჩვენ აღმოვაჩინეთ, რა თქმა უნდა, ეს ქმნიდა არათანაბარ სამოქმედო გარემოს და ზეგავლენას ახდენდა საზოგადოების ნდობაზე საარჩევნო პროცესის მიმართ“ – ასეთია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დასკვნა.     

მსგავსი თემები