„პარლამენტის არჩევნები საქართველოში ორგანიზებული და ჩატარებული იყო დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო ვალდებულებების და სტანდარტების, ეუთოს და ევროსაბჭოს სტანდარტების, ასევე ეროვნული კანონმდებლობის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შემუშავებული პროცედურებისა და წესების შესაბამისად“, – განაცხადა ელნურ ალავერდიევმა, სუამის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, აზერბაიჯანის დელეგაციის ხელმძღვანელმა 31 ოქტომბერს ჩატარებული საქართველოს პარლამენტის არჩევნების პროცესის შეფასებისას.
მისი თქმით, სუამის დამკვირვებელთა ჯგუფს არ აქვს არსებითი შენიშვნები საყოველთაო საარჩევნო პროცესზე, არჩევნების ორგანიზებასა და კომისიების საქმიანობაზე საარჩევნო უბნებზე, სადაც მისივე თქმით, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთათვის შექმნილი იყო პირობები თავისუფალი ნების გამოხატვისათვის, შეინიშნებოდა ამომრჩეველთა აქტიურობა.
„არჩევნები შეიძლება შეფასდეს როგორც თავისუფალი და სამართლიანი“, – განაცხადა ელნურ ალავერდიევმა.
საქართველოს პარლამენტის არჩევნები რომ უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული, ამის თაობაზე ასევე აცხადებენ აზერბაიჯანის მილი-მეჯლისის წევრებიც.
„საქართველოს პარლამენტის არჩევნები ორგანიზებული იყო უმაღლეს დონეზე, დაცული იყო ყველა წესი და ნორმა, საარჩევნო უბნების მუშაობა ძირითადად გამართული იყო. ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ არჩევნები შედგა“, -განაცხადა არზუ ნაღიევმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, აზერბაიჯანელი პარლამენტარების დამკვირვებლები იმყოფებოდნენ სხვადასხვა ქალაქში გახსნილ საარჩევნო უბნებზე, მათ შორის, სადაც დევნილები ცხოვრობენ, ასევე აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებულ ადგილებში. როგორც არზუ ნაღიევმა აღნიშნა, არჩევნების პროცესზე დაკვირვებისას არსად არანაირ ინციდენტს არ ჰქონდა ადგილი.
მან ყურადღება გაამახვილა საქართველო-აზერბაიჯანის მომავალ თანამშრომლობაზეც და განაცხადა, რომ ეს არჩევნებიც უდავოდ ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ურთიერთობას მხოლოდ დადებითად.
„აზერბაიჯანი და საქართველოს თანამშრომლობა სამაგალითოა როგორც ეკონომიკური კუთხით, ასევე სოციალური, პოლიტიკური კუთხით. მე ვფიქრობ, რომ ეს არჩევნებიც ორი ქვეყნის ურთიერთობაზე დადებითად აისახება. კიდევ ერთხელ ვულოცავ ქართველ ხალხს შემდგარ არჩევნებს. ეს არჩევნები ქართველი ხალხისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრებაში იმ პოლიტიკური, ეკონომიკური გეგმების განხორციელებისათვის, რომლებიც მათ წინაშე დგას“, – განაცხადა აზერბაიჯანელმა დეპუტატმა.