“ცხადია, „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა” – კახა კალაძე

“წინასწარი მონაცემები უკვე დაფიქსირებულია და ცხადია, „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, დღეს კიდევ ერთხელ გაიმარჯვა საქართველომ და საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ.

„პირველ რიგში, გაიმარჯვა იმ ხალხმა, რომელმაც სწორი არჩევანი გააკეთა ჩვენი ქვეყნის შეუქცევადი დემოკრატიული განვითარებისთვის, მშვიდობისთვის, უსაფრთხოებისა და ერთიანი ძლიერი საქართველოსთვის. რა თქმა უნდა, ჩვენთან ერთად გაიმარჯვა ყველა მოქალაქემაც, რომელმაც დღეს განსხვავებული არჩევანი დააფიქსირა. ვინაიდან დღევანდელი შედეგებით გამარჯვებულია არა მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური გუნდი, არამედ მთელი ქვეყანა. მადლობა საარჩევნო ადმინისტრაციას, რომელმაც საკმაოდ უჩვეულო, პანდემიის პირობებში წარმატებით გაართვა თავი საარჩევნო პროცესის გამართულ ორგანიზებას. ამავდროულად მსურს მადლობა გადავუხადოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელიც მოწოდების სიმაღლეზე მუშაობდა და მოქალაქეების უსაფრთხოება, მათი ნების გამოხატვა სათანადოდ უზრუნველყო. მადლობა ადგილობრივ და უცხოურ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს, ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორ სახელმწიფოებს და ყველას, ვინც მორიგი დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაში საკუთარი წვრილი შეიტანა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძემ ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ყველაფერი გაკეთდება ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.

„დღეს თქვენ აირჩიეთ საქართველოს ევროპული მომავალი, თქვენი და თქვენი შვილების ნათელი მომავალი, მშვიდობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა. თქვენ აირჩიეთ ჩვენი, ჩვენი წინაპრების და მომავალი თაობების ოცნება, რომ საქართველომ ერთიან ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი და ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს. მადლობა ნდობისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები