პოლიციამ გამოძიება სავარაუდო დანაშაულის 6 ფაქტზე დაიწყო

  •  

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო ცაციაშვილის განცხადებით, ამ დროისთვის პოლიციამ გამოძიება დაიწყო სავარაუდო დანაშაულის 6 ფაქტზე.

როგორც ცაციაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შსს მთელი ქვეყნის მასშტაბით არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებას უზრუნველყოფს.

მისივე თქმით, პოლიციის მობილური ჯგუფები მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაადგილდებიან, მყისიერი რეაგირება ხდება პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებულ ფაქტებზე.

„მედიასაშუალებებით გავრცელებულ და სადამკვირვებლო ორგანიზაციის მოწოდებულ ყველა ინფორმაციაზე, რომელიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, მყისიერად იქნა გამოძიება დაწყებული.

ამ ეტაპზე ამ დროისთვის პოლიციამ გამოძიება დაიწყო სავარაუდო დანაშაულის 6 ფაქტზე. მათ შორის, გამოძიება დავიწყეთ, თბილისში, დიდ დიღომში მე-40 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტ, ზვიად კუპრავას მიმართ განხორციელებულ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. გარდა ამისა, გამოძიება დავიწყეთ ქუთაისში, მე-37 საარჩევნო უბანის მიმდებარე ტერიტორიაზე „ლეიბორისტული პარტიის“ ქუთაისის მერობის კანდიდატის ირაკლი კიკვაძის განცხადებაზე, რომ უცნობმა პირებმა მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რასთან დაკავშირებითაც დაწყებულია გამოძიება საქართველოს სსკ-ის 162-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით.

ასევე გამოძიება დაიწყო, თბილისის ისნის N39, მარნეულის რაიონი, სოფელ დაშტაფის N52 და სოფელ ყიზილაჯლოს N89 საარჩევნო უბნებზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტებზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 126 მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებზე ამ ეტაპზე ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

რამდენიმე მედიასაშუალების მიერ ყურადღება იქნა გამახვილებული ცალკეულ რეგიონებში საპოლიციო ძალების და ტექნიკის მობილიზებაზე. აღნიშნულის შესახებ ჩვენ გუშინაც გავავრცელეთ განცხადება და ინფორმაცია მივაწოდეთ როგორც საზოგადოებას, ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს. კიდევ ერთხელ გაცნობებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო პასუხისმგებელია ქვეყანაში უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვაზე. ვაგრძელებთ აქტიურ მოქმედებებს – საპოლიციო ძალების გადანაწილება ქვეყნის მასშტაბით მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება“, – განაცხადა ცაციაშვილმა.

მსგავსი თემები