“საქართველო მზად არის დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად” – არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მან ხმა მისცა ქვეყნის განვითარებას და წინსვლას. როგორც თალაკვაძემ ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ქვეყანა თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად მზად არის.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს დემოკრატიის განვითარებისთვის. მეც და ჩემი ოჯახის წევრებმა გავაკეთეთ არჩევანი. ხმა მივეცი იმ პოლიტიკურ გუნდს, რომელსაც დემოკრატიული მართვა და ქვეყნის შემდგომი განვითარების უზრუნველყოფა შეუძლია. დარწმუნებული ვარ, დემოკრატიული რეფორმები, რომლებიც ჩვენ ამ წლების განმავლობაში გავატარეთ, პოზიტიურად უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის მომავლის შემდგომი განვითარების პროცესს. ამაში დღეს თითოეული მოქალაქის მონაწილეობა აუცილებელია. მადლობას ვუხდი მთელ საზოგადოებას, ყველა მოქალაქეს, მათი მხარდაჭერით ძალიან ბევრი გაკეთდა ამ წლების განმავლობაში. საქართველო მზად არის დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად დღეს და მზად არის შემდგომი განვითარებისთვის“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მან აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს საზოგადოების მხარდაჭერის იმედი აქვს. „როგორც იცით, ყველა ავტორიტეტული კვლევებით “ქართული ოცნების” მხარდაჭერა სხვადასხვა რეგიონში 55 პროცენტიდან 60 პროცენტამდე იყო, შესაბამისად, მოველით, რომ ჩვენი საზოგადოება დამაჯერებელ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ჩვენთვის. წლების განმავლობაში “ქართული ოცნება” იდგა ადამიანების გვერდით. მადლიერი ვართ, რომ ჩვენი თანამოქალაქეები დგანან ჩვენს და ასე სახელმწიფოს გვერდით“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მსგავსი თემები