“ჩვენი თითოეული მოქალაქის დაკვეთაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გააგრძელოს ქვეყნის აღმშენებლობა ” – გიორგი გახარია

“ხვალ, 31 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქე გააკეთებს თავის არჩევანს და ეს არჩევანი იქნება ეკონომიკურად ძლიერი, თავისუფალი, ღირსებით სავსე დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ. ეს იქნება არჩევანი, რომელიც უარს ეტყვის უუფლებობის, ძალადობის, ფეხქვეშ გათელილი ღირსებისა და ადამიანის ინტერესების წარსულში დაბრუნებას”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის, ლევან კობიაშვილის წარდგენაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

„გლდანში ვატარებთ ჩვენი საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებას. ხვალ, 31 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქე გააკეთებს თავის არჩევანს და ეს არჩევანი იქნება ეკონომიკურად ძლიერი, თავისუფალი, ღირსებით სავსე დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ. ეს იქნება არჩევანი, რომელიც უარს ეტყვის უუფლებობის, ძალადობის, ფეხქვეშ გათელილი ღირსებისა და ადამიანის ინტერესების წარსულში დაბრუნებას. ეს არის ჩვენი თითოეული მოქალაქის დაკვეთა – „ქართულმა ოცნებამ“ გააგრძელოს ქვეყნის აღმშენებლობა. ჩვენი ვალდებულებაა, გავაგრძელოთ ზრუნვა პირველ რიგში ყველაზე მოწყვლად ადამიანებზე – ვისაც, ეს ზრუნვა ყველაზე მეტად სჭირდება. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ღვაწლმოსილი პენსიონერები და მოხუცები არიან. „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი გუნდი, რომელმაც კანონის დონეზე დაადასტურა, რომ პენსია ყოველწლიურად გაიზრდება და ეს ვერ გახდება წინასაარჩევნოდ პოლიტიკური სპეკულირების საგანი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიზრუნებთ ბავშვებზე, რომელთა ჯანმრთელობა, განათლება და სოციალური მდგომარეობა სულ უფრო დიდი გამოწვევების წინაშეა და ჩვენ ეს ზრუნვა ყოველდღე უნდა გამოვავლინოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიზრუნებთ სოციალურად დაუცველებსა და დევნილებზე“, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, 2013 წლიდან 2019 წლამდე სოციალურად დაუცველთა დახმარების ბიუჯეტი დაახლოებით 2,5-ჯერ გაიზარდა და 3,5 მილიარდ ლარზე მეტი გახდა.

„ჩვენ გვესმის, რომ დევნილებზე ზრუნვა ჩვენი უპირობო პრიორიტეტია და 2013 წლიდან დევნილებს 24 ათასზე მეტი საცხოვრებელი გადავეცით. გეგმაში გვაქვს მომდევნო 4 წლის განმავლობაში კიდევ 13 ათასი საცხოვრებლის გადაცემა, მაგრამ კარგად გვესმის, რომ პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ მათ მშობლიურ სახლებში დაბრუნებაზე – გონივრულად, მშვიდად და მშვიდობიანად. გავაგრძელებთ ზრუნვას ძლიერ საჯარო მოხელეზე. არ უნდა შეგვრცხვეს და მოგვერიდოს, რომ სახელმწიფო დგას კეთილსინდისიერ, ეფექტურ პოლიციელსა და ჯარისკაცზე, მასწავლებელსა და ექიმზე, და როდესაც ასეთი შესაძლებლობა გვექნება, ყოველთვის დავუდგებით მათ გვერდით. ეს არის ხალხი, რომელზეც დგას საქართველოს ხვალინდელი დღე. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ბიზნესის მხარდასაჭერად. დავეხმარებით გლეხს, რომ ის გახდეს ძლიერი ფერმერი, დაასაქმოს თავისი ოჯახი, მეზობელი, ახლობელი და ღირსეულად არჩინოს თავისი ოჯახი. დაცული საკუთრების უფლება, თანაბარი პირობები ბიზნესის ყველა წარმომადგენლისთვის – ეს ის პირობებია, რომელთა გარეშეც განვითარებული ევროპული ქვეყანა შეუძლებელია. გავაგრძელებთ დასავლეთისკენ სვლას – ევროპული ინტეგრაცია და ის მიღწევები, რომელიც გვაქვს, არის მხოლოდ გარდამავალი ეტაპი იმ დიდი ნაბიჯისთვის, რომელიც წინ გველოდება“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერის თქმით, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყნის სისტემური ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ წესრიგში არის მოსაყვანი.

„მინდა გითხრათ, რომ 2013 წლიდან 2019 წლამდე, საქართველოს მთავრობამ ქვეყნის სისტემურ ინფრასტრუქტურაში მოახდინა 23 მილიარდი ლარის ინვესტირება. დღეს ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომლის მიხედვითაც, შემდგომი 4 წლის განმავლობაში, 20 მილიარდ ლარზე მეტ ინვესტირებას გავაკეთებთ, ორჯერ მეტს. ეს არის კეთილმოწყობილი გზები, სკოლები, წყალმომარაგება, გაზმომარაგება და ა.შ. მე მინდა გითხრათ, რომ ამ გეგმის მიხედვით, 2024 წლისთვის, საქართველოს მოსახლეობის 77 პროცენტს ექნება 24-საათიანი წყალმომარაგება, რომელიც სამწუხაროდ, დღეს კიდევ არის ჩვენი სერიოზული გამოწვევა. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ, სულ ახლახანს, მთავრობაზე დავამტკიცეთ პროგრამა, დამატებით, 2021-2024 წლის გაზიფიცირების და 2024 წელს, სრულად დასრულდება ქვეყნის გაზიფიცირება. ეს იქნება პროცენტულად ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი. სისტემური ინფრასტრუქტურა, რომელზეც ჩვენ პრიორიტეტულად გავაგრძელებთ მუშაობას, საჭიროა ქვეყნის მთავარი მიზნის მისაღწევად – თანაბარი პირობები ჩვენი ყველა მოქალაქისთვის, მიუხედავად იმისა, სად ცხოვრობენ ისინი, ეს იქნება თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ჩხოროწყუ, ზუგდიდი, თელავი, ახალქალაქი, თუ ახალციხე. ჩვენ უნდა შევუქმნათ თანაბარი პირობები ყველა მოქალაქეს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს კიდევ უფრო ევროპული. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ეს ნაბიჯი მიმართულია ერთი ძირითადი მიზნისკენ – რაც შეიძლება სწრაფად და ახლოს იყოს ჩვენი სტანდარტები ევროპულ სტანდარტებთან. ეს არის ის აუცილებელი პირობა, რომელმაც ჩვენ უნდა მოგვცეს შესაძლებლობა, ხორცი შევასხათ ჩვენი ქვეყნის ასწლეულების ყველაზე დიდ ოცნებას და გავაკეთოთ 2024 წელს განაცხადი, სრულფასოვან წევრობაზე ევროპის დიდ ოჯახში. ეს არის ჩვენი მიზანი და ჩვენ ვშრომობთ იმისთვის, რომ თითოეულმა მოქალაქემ, გარდა იმისა, რომ იგრძნოს ეს მის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ასევე მიიღოს ამ დიდ და ღირსეულ პროცესში მონაწილეობა. ჩემო ძვირფასებო! არჩევნებამდე დარჩა სულ რამდენიმე საათი. მე დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მიაღწევს ღირსეულ გამარჯვებას სამართლიან ბრძოლაში, გამარჯვებას გისურვებთ!,“- განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები