გრიპის საწინააღმდეგო 77 000 ვაქცინა შემოვიდა  

დაავადებათა კონტროლისა საზოგადოებრივი ჯანდაცვის  ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო 77 000 ვაქცინა შემოიტანეს. მისივე განცხადებით, 23 000 დოზა ვაქცინა ნოემბერში კიდევ შემოვა.

„ვაქცინა თბილისში, დასავლეთ საქართველოშიც და აღმოსავლეთის რაიონებშიც უკვე გასულია… დღეიდან, შეიძლება მოვუწოდოთ მოსახლეობას, რომ ვაქცინაცია გაფართოვდეს მთლიანად.  განსაკუთრებით ფართო რისკ-ჯგუფები დაიწყება დღეიდან. ეს არის სამედიცინო პერსონალი, რადგან ისინი წინა ხაზზე არიან, ყველა დიაბეტიანი, ასევე 65 წელს ზემოთ მყოფი ადამიანები, რომელთაც აქვთ ქრონიკული გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები, ასთმა, ემფიზემა“ – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, უფასო ვაქცინაცია ძალოვან უწყებებსაც შეეხებათ.

„აიცრება ქართული ჯარის ნაწილები, პატრული. ისინი პოლიკლინიკებში მიბრძანდებიან, არის ასევე პატარა-პატარა რისკ-ჯგუფები: ვეტ-ლაბორატორიების თანამშრომლები და ა.შ. შეგიძლიათ ეს დაწვრილებით ჩვენს ვებ-გვერდზე ნახოთ… გრიპის ვირუსი, ალბათ, ნოემბრის შუა რიცხვებში ან ბოლოს გამოჩნდება. მივმართავ მოსახლეობას, რისკ-ჯგუფებს, რომ დროულად მიბრძანდნენ პოლიკლინიკებში და აიცრან. გრიპის საწინააღმდეგო აცრა გარკვეული პრევენციული ღონისძიება იქნება, რადგან ზედდება შეიძლება იყოს გრიპისა და “კოვიდის” ერთდროულად და ეს მოსალოდნელია უფრო ნოემბერ-დეკემბერში და ზამთრის სეზონზე,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები