თბილისში რეგისტრაცია ჯერ მხოლოდ 500-მდე ტაქსმა გაიარა – ექსპერტის შეფასება   

  •  

ახალი რეგულაციების თანახმად, პირველი ოქტომბრიდან თბილისში, ტაქსის მომსახურების გაწევა შესაბამისი ლიცენზიის გარეშე შეუძლებელი იქნება. კანონდარღვევა კი 200 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. იუსტიციის სახლმა ტაქსების რეგისტრაცია დაიწყო. ამ დროისთვის, უკვე 500-მდე ტაქსის ნებართვაა გაცემული.  თბილისის მერი კახა კალაძე, რეგისტრაციის მსურველებს აქტიურობისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, იუსტიციის სახლის გარდა, ლიცენზიის მიღება შესაძლებელია თბილისის ათივე გამგეობაში.  ასევე, მსურველებისთვის ყველაზე მარტივი გზა არის სახლიდან გაუსვლელად, პერსონალური კომპიუტერით დარეგისტრირდნენ.  ​

ფონდ “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” დირექტორი, ირაკლი იზორია აცხადებს, რომ აღნიშნული ციფრი ძალიან მცირე იმასთან შედარებით, რამდენი ტაქსიც მოძრაობს დედაქალაქში, თუმცა მიაჩნია, რომ ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზრდება.

როგორც იზორიამ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, დედაქალაქში არაოფიციალურად დაახლოებით 30-35 ათასი ტაქსი მოძრაობს. არიან ისეთებიც, ვინც დამატებითი შემოსავლის სახით, საღამოს საათებში, ძირითადი სამუშაოს დასრულებით შემდეგ ტაქსაობს.

​ირაკლი იზორიას თქმით, ასეთი ადამიანების ინტერესში გაიარონ რეგისტრაცია, რათა არ დაკარგონ დამატებითი შემოსავლის წყარო.

” ​50 და 100 ლარის გადახდა და დარეგისტრირება, იმისთვის, რომ დამატებითი შემოსავლის წყარო არ დაკარგონ, ამ ადამიანებს უნდა უღირდეთ. პირიქით, თვითკმაყოფილების გრძნობაც დაეუფლებათ. არ მგონია ახალი რეგულაციების გამო დედაქალაქში ტაქსების რაოდენობა შემცირდეს. თუმცა, არის მეორე ეტაპი, რომლის დამტკიცების შემთხვევაში, 2019 წლის ოქტომბრიდან შესაძლოა ლიცენზიების გაცემის მოთხოვნები გამკაცრდეს”, – აცხადებს ირაკლი იზორია.

​მისი აზრით, ტაქსის მომსახურების ლიცენზირებას ქვეყნის სხვა ქალაქებმაც უნდა მიმართონ, რათა შეიქმნას საერთო ბაზა და სამართლებრივი აღსრულების მექანიზმმა გამართულად იმუშაოს.

​რეგიონებიდან ჩამოსული ტაქსები ცალკე პრობლემაა, ისინი ვერ გაივლიან თბილისში რეგისტრაციას და საპატრულო პოლიციის მხრიდან ამდენი ტაქსის შემოწმება და სამართლებრივი რეგულაციების გატარება, ცოტა მძიმე და რთული იქნება. თუმცა, ესეც რეგულირებადია და ამას სწორი მენეჯმენტი სჭირდება. საჭიროა სხვა რეგიონებმაც მიმართონ თბილისს, გადამდები უნდა იყოს ეს პროცესი. ქუთაისის ტაქსი ქუთაისში უნდა დარეგისტრირდეს, ზუგდიდის ზუგდიდში, გორის გორში და ასე შემდეგ. ყველა ესენი ერთიან ბაზაში მოექცეს. სანამ ერთიანი მიდგომა არ იქნება, მანამდე რთული იქნება გარკვევა ტაქსი თბილისიდან არის თუ ქუთაისიდან”, – აცხადებს ირაკლი იზორია.

შორენა პაპაშვილი

მსგავსი თემები