“ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელიც მზადაა, 24-საათიან რეჟიმში ემსახუროს ხალხს” – კახა კალაძე

„გვახსოვს, როგორც ებრძოდნენ განსხვავებულ აზრს, შეხედულებებს და ეს ყველაფერი ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბექა ოდიშარიას წარდგენისას განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, დღეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება უმაღლეს დონეზეა.

მისივე თქმით, ყველა მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა, მათ შორის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის და ბიზნესის მიმართულებით.

„ჩვენი უმთავრესი გამოწვევა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა ოკუპირებული ტერიტორიები. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩვენი გონიერებით, განათლებით, ერთიანი ძალისხმევით ყველაფერი მოგვარდება და ყველაფერი მოწესრიგდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, ბევრი განხორციელებული პროექტის და წინგადადგმული ნაბიჯის მიუხედავად, ყველა ვთანხმდებით, რომ ქალაქში არსებობს გამოწვევები, პრობლემები.

„შემიძლია, ბევრი პრობლემა ჩამოვთვალო, მათ შორის მთაწმინდისა და კრწანისის რაიონშიც, რომელიც მოსახლეობას აწუხებს, შემიძლია დაგპირდეთ, რომ ჩვენ ვართ ის გუნდი, ხელისუფლება, რომელიც მზად არის, 24-საათიან რეჟიმში ემსახუროს ხალხს. ჩვენი სიძლიერე იმაშია, რომ ჩვენ ვართ ძალიან დიდი გუნდი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია. გვყავს ყველაზე მეტი მხარდამჭერი, ადამიანები, რომლებსაც გული შესტკივათ ხვალინდელ საქართველოზე. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ, ღირსეულად ვუპასუხოთ ყველა იმ გამოწვევას, ყველა პრობლემას, რომელიც თბილისში არსებობს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები