“მაგალითების მოყვანა ჯობია, ვიდრე უსაგნო და ცარიელი განცხადებები, როგორიც თამარ კორძაიამ გააკეთა” – გია ვოლსკი

“მთავარია შევაფასოთ რეალური სიტუაცია და ის განცხადებები, რომელსაც კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები აკეთებენ. თეა წულუკიანმა ეს კარგად გააკეთა,” – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი თამარ კორძაიას განცხადებას, რომლის თქმითაც, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 30 არასამთავრობო ორგანიზაცია ფინანსდება, მათი ნაწილი კი მმართველ გუნდთან არის დაკავშირებული.

ვოლსკის შეფასებით, თამარ კორძაიას განცხადება უსაგნო და ცარიელია.

„მე არ ვიცი, რა რაოდენობაზეა ლაპარაკი. მთავარი არის საზოგადოება, მთავარი არის  ობიექტური ჟურნალისტური დამოკიდებულება საკითების მიმართ, შევაფასოთ და ვთქვათ, არის თუ არა შაშკინი „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი? მე მგონი არის. მთავარი არის ერთი სერიოზული ფორმულა, ვიმსჯელოთ შედეგების მიხედვით, შევაფასოთ რეალური სიტუაცია და შევაფასოთ ის განცხადებები, რომელსაც კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები აკეთებენ. ეს კარგად გააკეთა თეა წულუკიანმა. მან მოიყვანა მაგალითები. ასეთი მაგალითების მოყვანა ჯობია, ვიდრე მათი უსაგნო და ცარიელი განცხადებების კეთება, როგორიც კორძაიამ გააკეთა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, ოპოზიციური ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ წევრის, თამარ კორძაიას განცხადებით მიმდინარე წელს სახელმწიფო სახსრებით დაფინანსდა 30 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, საიდანაც 677 250 გადანაწილდა „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე.

მსგავსი თემები