ანგელა მერკელი 15:30 საათზე ჩამოფრინდება – შეხვდრების გრაფიკი

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი, ანგელა მერკელი თბილისში 15:30 ჩამოდის. მას საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და გერმანიაში საქართველოს ელჩი ელგუჯა ხოკრიშვილი დახვდებიან, საიდანაც ანგელა მერკელი მთავრობის ადმინისტრაციაში გადაინაცვლებს. დახვედრის ოფიციალური ცერემონია  სწორედ მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება.

დაგეგმილია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერისა და   საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის პირისპირ შეხვედრა.

ასევე დაგეგმილია გაფართოებული შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას ანგელა მერკელი, სახელმწიფო მდივანი შტეფენ ზაიბერტი, გერმანიის ელჩი საქართველოში ჰაიკე ფაიჩი, კანცლერის მრჩეველი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში იან ჰეკერი, კანცლერის მრჩეველი ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკის საკითხებში ლარს ჰენდრიკ როელერი, კანცლერის მრჩეველი ევროპული პოლიტიკის საკითხებში უვე კორსეპიუსი, კანცელარიის სამხრეთ კავკასიის განყოფილების უფროსი მათიას ლიუტენბერგი, ხოლო საქართველოს მხრიდან მამუკა ბახტაძე, გიორგი გახარია, დავით ზალკალიანი, მიხეილ ბატიაშვილი, ივანე მაჭავარიანი, ელგუჯა ხოკრიშვილი, კახა კახიშვილი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, პრემიერის აპარატის უფროსი გიორგი ჭოლაძე და ვახტანგ ქათამაძე მიირებენ.

პირისპირ და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

მთავრობის ადმინისტრაციიდან ანგელა მერკელი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაინაცვლებს, სადაც კანცლერი გიორგი მარგველაშვილს შეხვდება.

დღის ბოლოს კი, გერმანიის კანცლერი საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან ერთად გმირთა მოედანზე მდებარე მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

24 აგვისტოს კი გერმანიის კანცლერი სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ შეხვედრებს გამართავს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან.

მერკელი ქართველ სტუდენტებსაც შეხვდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სტუდენტების შემდეგ, მერკელი EUMM -ის პროგრამის ფარგლებში გამართავს შეხვედრას.

ასევე, 24 აგვისტოს დაგეგმილია კანცლერის და პრემიერ-მინისტრის შეხვედრა სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ მონაწილე გერმანელ ჯარისკაცებთან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც მერკელის ვიზიტი საქართველოში დასრულდება. კანცლერს პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი გააცილებენ.

 

 

მსგავსი თემები