“ის, როგორც ჩანს, არის ნაწყენი, მაგრამ გადაუვლის” – თეა წულუკიანი სოსო ჯაჭვლიანის განცხადებაზე

თეა წულუკიანმა კომენტარი გააკეთა სოსო ჯაჭვლიანის მიერ, “ქართული ოცნების” დატოვების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე და აღნიშნა, რომ ძალიან სამწუხარო სანახავი იყო, რომ სოსო ჯაჭვლიანი სწორედ იმ ხალხთან მივიდა წყენის გამოსახატად, რომელმაც მისივე მონაწილეობით აქცია ისე დაარბია, რომ სისხლის გუბეები დააყენა.

“ძალიან სამწუხარო სანახავი იყო, რომ სოსო ჯაჭვლიანი სწორედ იმ ხალხთან მივიდა წყენის გამოსახატად, რომელმაც მისივე მონაწილეობით აქცია ისე დაარბია, რომ სისხლის გუბეები დააყენა. სწორედ ასეთ ხალხთან გამოავლინა ბატონმა სოსომ თავის ხვაშიადი. მე სვანებში გავიზარდე და მინახავს სვანი კაცები, თუმცა ამდენი ემოცია არც ერთში. ის, როგორც ჩანს, არის ნაწყენი, მაგრამ გადაუვლის. მე ყველაზე მეტად იმაზე მეცინება, რომ ის სოსო ჯაჭვლიანი, რომელსაც იბიარდის ეძახდით და ღიად დასცინოდით, ახლა უცბად შეგიყვარდათ”, – განაცხადა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, სოსო ჯაჭვლიანმა “ქართული ოცნებიდან” წასვლის შესახებ განცხადება 26 ოქტომბერს გააკეთა.

“კალაძემ ხო თქვა, მე არ ვიცი სოსო ჩვენი გუნდის წევრია თუ არაო, ეს თვითონ მის ნამუსზე იყოს. ჰოდა, მე ეხლა დღეიდან, ამ წუთიდან მე არ ვარ “ქართული ოცნების” წევრი, იმ ზონდერბრიგადის წევრი მე ვერასდროს ვერ ვიქნები. ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ, ეს რეჟიმი უნდა წავიდეს. ეს რეჟიმია, აბა, რა არის”, – განაცხადა ჯაჭვლიანმა.

მსგავსი თემები