თიხაში გაცოცხლებული გმირების საოცარი ისტორია საჩხერეში – „ქართველებმა ხელნაკეთი ნივთის ფასი არ იციან“

 

ეკა გულუა

იმერეთის ერთ-ერთ სოფელში პატარა ადამიანები, გმირები, პერსონაჟები და სხვადასხვა დღესასწაული თიხაში ცოცხლდება.  ეს ნამდვილი სასწაული კი საჩხერეში, ერთ-ერთ პატარა, თვითნასწავლი ხელოვანის – ნინო სვიმონიშვილის ხელიდან ხდება. თუმცა, სამწუხარო რეალობა ის არის, რომ გოგონა წლებია, ემიგრაციაში გამგზავრებას ფიქრობს. თუ რატომ, „მთავართან“ რუბრიკაში „პროფილი“ თავად საუბრობს.

ნინო სვიმონიშვილი 28 წლისაა. ჰყავს მეუღლე და 2 შვილი. თბილისელი გოგონა 3 წელია საჩხერეში ცხოვრობს და იქ თავისი პატარა, სუფთა, მწვანე სამყარო აქვს შექმნილი.

ნინო სვიმონიშვილი: „ხელოვნება ძალიან მიყვარს. ის ჩემი სფეროა. თავიდან თექით დავიწყე. ბავშვოვიდან მიყვარდა ხელნაკეთი ნივთები, რაღაცის შექმნა, რადგანაც, ოჯახში მყავდა ხელოვანი მამიდა, ძალიან სერიოზული მხატვარი და მისი სახელობის სახლ-მუზეუმი თბილისში დღესაც მოქმედებს. ის არის  ზაირა სვიმონიშვილი. ალბათ მისგან გამომდნარე, ძალიან ახლოს იყო ეს სფერო ჩემთან“-  უყვება ნინო „მთავარს“

ხელოვანის პირველი ნამუშევარი, როგორც თავად ამბობს, საკმაოდ პრიმიტიული იყო. პირველი სერიოზული ნამუშევარი კი ღილებისაგან ააწყო.

„სერიოზული ნამუშევარი იყო ღილებით შექმნილი ნახატი, რომელიც  დღემდე მაქვს შემორჩენილი. ეს არის ღილებისაგან შექმნილი პეპელა. მას შემდეგ კი თოჯინებზე გადავედი. თოჯინებს ძაფებით ვაკეთებდი. თოჯინები  ალბათ იმიტომ, რომ  ბავშვობასთან ასოცირდებოდა. შემდეგი ეტაპი კი თექა იყო. თექაზე  მუშაობაც შევისწავლე და სპეციალისტი გავხდი. მაშინ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი.  ვქმნიდი შარფებს, ტანსაცმელს, ჩანთებს, ფეხსაცმელს. სხვადასხვა აქსესუარს, თოჯინებსაც კი. ყველაფერს ვაკეთებდი ქართული ორნამენტებით. მაგალითად, მქონდა დოლი, ჩოხა, ეს ნამუშევრები გამქონდა გამოფენებზე და ვყიდდი. ძირითადად კი ვასაჩუქრებდი და ვასაჩუქრებ დღემდე. ჩემი ნაკეთობების დიდი ნაწილი ჩემს მეგობრებთან და ნაცნობებთანაა“.

შემდეგ იყო გამოფენები, არტ-გენი და ასე თანდათან მოვიდა თიხაში გაცოცხლებულ გმირებამდე.

„დღეს იმ ეტაპზე ვარ, რომ თექაზე არ გავჩერდი და თექიდან გადავედი თიხის თოჯინებზე. ვფიქრობ, რომ ეს თოჯინები ჩემთვის ახალი აღმოჩენაა. ძალიან ვარ გატაცებული ამ საქმით და იმ დონეზე ჩავერთე, რომ თექა ცოტა მივივიწყე კიდეც,“ – გვიყვება ნინო.

ახალგაზრდა ხელოვანის კოლექციას არა მხოლოდ ტრადიციული, არამედ სხვადასხვა ტიპის და სახის თოჯინა და ნაკეთობა ამშვენებს. . მაგალითად, თექისგან დამზადებული ნაძვის ხე, რომელიც საჩხერის რაიონში ყველაზე ლამაზი, ხელნაკეთი ნაძვის ხე აღმოჩნდა და შესაბამისი ჯილდოც მიიღო.

„ეს ნაძვის ხე იმდენად ძვირფასია ჩემთვის, ვერც ვერასდროს გავყიდო და ვერც ვერასდროს გავასაჩუქრებ. ასევე, ჩემს კოლექციაშია თექისგან დამზადებული მზესუმზურის ყვავილი. ამ სურათსაც ვერასდროს ვერავის დავუთმობ.  მაქვს ჯამბაზი,  რომელსაც გული უჭირავს და სახე ისეთი მეტყველი აქვს, ყველაზე მეტად ჩემს ხასიათს ვამსგავსებ. ბუნებრივია, მაქვს ტრადიციული თოჯინები მაგალითად, მიხო, რომელსაც სასაცილო ისტორია აქვს“  – ამბობს ნინო.

მიხოს ისტორია კი შემდეგია: ნინოს იმერელმა მეუღლემ სთხოვა, თიხისგან მისთვის იმერელი ტიპაჟის თოჯინა გაეცოცხლებინა.  ეს კი 2 მაისობის –  ქუთაისობას დღესასწაულზე უნდა დაემთხვია.

„გამოფენაზე მივდიოდი და შესაბამისად ვემზადებოდი, სხვადასხვა ნამუშევარზე ვმუშაობდი. მეუღლის თხოვნის შესაბამისად ძერწვა რომ დავიწყე, იმერელის ნაცვლად ტიპიური კახელი გამომივიდა. კახელი იმერელს ვერაფრით დავამსგავსე და მივიღე მიხო. ერთ მიხოს მეორეც მოყვა თავსი პურმარილით, ხინკლებით, შოთით, დოქით და ასე შემდეგ“ – იხსენებს ნინო.  

კითხვაზე – როცა ქმნი, წინასწარ იცი თუ რა გამოვა, გვპასუხობს, რომ წინასწარ მონახაზი და ჩანაფიქრი ყოველვის აქვს, თუმცა, საბოლოო სახე სხვანაირი გამოსდის.

„მთავარი“:  რა დროს ანდომებთ 1 ნამუშევრის შექმნას?

ნინო სვიმონიშვილი: გამომდინარე იქიდან, რომ მყავს ოჯახი, 2 მცირეწლოვანი შვილი, მუშაობას დიდ დროს ვერ ვუთმობ. უფრო თავისუფალ დოს ვაკეთებ. შესაბამისად, დაახლოებთ, ერთი ნამუშევრის შექმნისთვის მინიმუმ 2 კვირა მჭირდება. საძერწ მასალებს საქართველოში ვყიდულობ, დანარჩენი, რაც თოჯინას სჭირდება, ზოგი ჩემი ტანსაცმლის ნაწილია, ან დაშლილი აქსესუარი, რომლესაც  მაწვდიან მეგობრები, ახლობლები. მასალა, ნაძერწი არის პოლიმერული თიხა. დანარჩენი –  ყველაფერი, რაც შეიძლება მომეწონოს და გამოადგეს თოჯინის მოსართავად.

„მთავარი:“ გამოფენებზე თქვენი აქტიურობა და შედეგი როგორია?

ნ.ს. გამოფენები ხშირად დავდივარ. არტგენზე ვიყავი, დავდივარ ელჩის მეუღლეების წინასაშობაო გამოფენებზე, ასევე, რაიონულ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებებზე.

„მთავარი:“ თქვენი ხელობა საქართველოში დაფასებულია?

ნ.ს: სამწუხაროდ, არა. ნამდვილად არ არის დაფასებული. ცოტა უხეშად შეიძლება გამომივიდეს, მაგრამ ქართველებმა არ იციან ხელნაკეთი ნივთების ფასი.

„მთავარი:“ უცხოეთში რომ გეცხოვრათ…

ნ.ს. უცხოეთში რომ მეცხოვრა, უფრო მეტი შესაძლებლობა და წარმატება  მექნებოდა და სულ სხვა ადამიანი ვიქნებოდი.

„მთავარი:“ გიფიქრიათ წასვლაზე?

ნ.ს. ძალიან ბევრჯერ და დღესაც საკმაოდ აქტიურად ვფიქრობ ემიგრაციაში გამგზავრებაზე. ძირითადად, რაც ჩემი კოლექციიდან გაყიდული მაქვს, მყიდველები უცხოელები არიან.

„მთავარი:“ უხეშად გკითხავთ – რა ფასად დათმობდით თქვენს შექმნილ ერთ თოჯინას?

ნ.ს.  ფასს ასე უხეშად ვერ ვიტყვი. რამდენიმე ნამუშევარს ვერც შეველევი. თუმცა, ნამუშევრებს ალბათ უფრო იმიტომ დავთმობ რომ შემოსავალი მქონდეს, მასალები შევიძინო და ახალ ნამუშევარზე ვიმუშაო.  ფასის თქმა მიჭირს.  გააჩნია ზომას, დეტალებს.

„მთავარი:“ მაგალითად მიხო?

ვ.ც. მიხო თავისი სუფრით? პურ-მარილით? მინიმუმ 600 ლარი. ესეც ძალიან უნდა მიჭირდეს, რომ მასალა ვიყიდო.

„მთავარი:“ იმ საქმით, რასაც თქვენ აკეთებთ, საქართველოში შესაძლებელია არსებობა?

ნ.ს. არა და წასვლასაც სწორედ ამიტომაც ვფიქრობ. უკვე 10 წელია საზღვარგარეთ წასვლაზე ვფიქრობ.

„მთავარი:“ თბილისელ გოგონას საჩხერეში ცხოვრება არ გაგიჭირდათ?

ნ.ს. ნამდვილად არა. ჩემი მეუღლე ჩემმა მეგობარმა გამაცნო.  წელიწადნახევრის შემდეგ ოჯახის შექმნა

გადავწყვიტეთ. მაშინ სტუდენტი ვიყავი.  3 წელია, რაც აქეთ ვარ.  გადმოსახლება არ გამიჭირდა, რადგანაც მყავს არაჩვეულებრივი ოჯახი და მეუღლე, რომელიც ხელს მაქსიმალურად მიწყობს.  ჩემი ჰობია ბუნება, ვგიჟდები ბუნებასთან სიახლოვეზე. მაქვს ჩემი მინი ორანჟერიე, ჩემი მცენარეები, რომელიც შვილებივით მიყვარს და ნამდვილად არ მაქვს სურვილი დაბინძურებულ თბილისში ვიცხოვრო. აქ ყველაფერი მაქვს, ჩემი პატარა სამყარო.“

ხელოვანი როგორც თოჯინას, ისე სხვა ყველა დეტალს ხელით ამზადებს. მის კუთხეში თოჯინებს შორის გამორჩეულია თექის მწვანე ნაძვის ხე, რომელიც ადგილობრივ კონკურსში მეორე ელია, ლიდერია. შედარებით მცირე ზომის ნაძვის ხე კი მისი შვილის სკოლას გადასცა საჩუქრად.

მის კუთხეს ამშვენებს თოჯინა მელნისფერი კაბით, რომელსაც  გაზაფხული შეარქვა; აქვეა ფუფალას სტილის ქალბატონიც; ორი მიხო; კლოუნები, საახალწლო და სააღდგომო აქსესუარები და სხვა არაერთი ნაკეთობა.  კაცურ საქმეებში – დეტალების მიმაგრება-მიჭედებაში მეუღლე ეხმარება, ბავშვები კი ნამუშევრებს ხელს არა აკარებენ, რადგან მისი ფასი დედისგან იციან.

„ბავშვები ჩემს ნამუშევრებს არ თამაშობენ და იციან, რომ ამ ნამუშევრებით თამაში არ შეიძლება. იციან, რომ ეს სათამაშო არ არის და არც გამოუთქვამთ არასდროს სურვილი, ეთამაშათ. ალბათ იქიდან გამომდინარე, რომ ხედავენ და იციან, დედა რამდენ შრომას დებს და ამ მხრივ მიფასებენ“ – ამბობს ნინო.

კიდევ ერთი კითხვაზე, რაზე გწყდებათ გული, ხელოვანის პასუხი შემდეგია: „მწყდება გული იმაზე, რომ ქართველებმა ხელნაკეთი ნივთების დაფასება არ ვიცით; იმაზე, რომ გამოფენებზე ქართველების მხრიდან არასასიამოვნო სიტუაციას ვაწყდები. მაგალითად, იმდენად არაბუნებრივ ფასად ითხოვენ ნაკეთობას და გევაჭრებიან, ამ ფასად მასალასაც კი ვერ შეიძენ.“

როგორც რესპონდენტი გვიყვება, ის არ აპირებს მხოლოდ თიხის ნაკეთობებზე მუშაობას და გეგმავს მინანქარზე მუშაობის შესწავლას. თუ შვილები –  8 წლის მარიამი და 4 წლის ანდრია მისი ხელსაქმით დაინტერესდება, გამორიცხული არ არის, ეს საქმე საოჯახო ტრადიციადაც განვითარდეს.

 

მსგავსი თემები