“ცალკეული კვლევების მიხედვით, კორონავირუსი ორგანიზმში გართულებებს ტოვებს, თუმცა საკმარისი მტკიცებულებები ჯერ არ არსებობს” – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რა შემთხვევაში აღარ საჭიროებს კოვიდდადასტურებული პაციენტი ტესტირებას და როდიდან აღარ არის ვირუსი გადამდები. ამასთან, როგორც ცერცვაძემ განაცხადა, ცალკეული კვლევების მიხედვით, კორონავირუსის დამარცხების შემდეგ ვირუსი უკვალოდ არ ქრება, არამედ ის გარკვეულ დაზიანებებს ტოვებს ორგანიზმში.

„იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსის დადასტურებუდან გასულია ათი დღე და პაციენტს სიმპტომები არ აქვს, ან ათი დღის განმავლობაში ჰქონდა სიმპტომები, მაგრამ შემდეგ სამი დღე არა, მაშინ, გაწერისას პაციენტს ტესტი განმეორებით აღარ უკეთდება. ასეთია საერთაშორისო სტანდარტი, რამეთუ ითვლება, რომ პაციენტი ამ 13 დღის შემდეგ გადამდები არ არის. ამიტომ მას ტესტი არ უკეთდება. არსებული კვლევების მიხედვით, რომელიც ჯერ ძალიან ცოტაა, კორონავირუსი ტოვებს დაზიანებებს, გართულებებს.

არის კვლევის შედეგები, რომ უკვალოდ ის არ გაივლის. ტოვებს დაზიანებებს ფილტვებში, ფიბროზული ზონრების სახით, ტოვებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაში მიკროთრომბოზების, ენდოთელიუმის დაზიანების სახით, შეიძლება დარჩეს მიოკარდიტი, ტოვებს ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ გარკვეულ დაზიანებებს. მაგრამ ჯერჯერობით ეს არის ცალკეული კვლევის შედეგები. საკმარისი მტკიცებულებები, რომ „კოვიდი“ ნამდვილად ტოვებს სერიოზულ დაზიანებებს, ჯერ არ არსებობს.

ჩვენ ჯერ ასეთი კვლევა არ გვიწარმოებია, ეს პროგრამა შედგენილი გვაქვს, სამინისტროში არის დასამტკიცებლად და მოხდება ყველა გამოჯანმრთელებული პაციენტის გამოძახება და გამოკვლევა სამი, ექვსი თვისა და ერთი წლის თავზე, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენთვის, რომელიმე გაწერილ პაციენტს „კოვიდის“ გართულებების მიზეზით არ მოუმართავთ“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მსგავსი თემები