21 წლის კაცის გარდაცვალების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

“ის იყო გამოჯანმრთელებული. მან რამდენჯერმე მიმართა ექიმს, რომ დროზე ადრე დაეტოვებინა საკარანტინე სივრცე, ვინაიდან ის თავს კარგად გრძნობდა”, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ამირან გოგიტიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გარდაცვლილი არ დაიკრძალება კოვიდით გარდაცვლილთა პროტოკოლის შესაბამისად, რადგან ის იყო გამოჯანმრთელებული.

„აღნიშნული პირი იყო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული. კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო, იგი 3 ოქტომბერს მოთავსდა საკარანტინე სივრცეში. საკარანტინე პერიოდის გასვლის შემდეგ, ჩაუტარდა PCR-ტესტი და კოვიდინფექცია დაუდგინდა. ამის შემდეგ გაგრძელდა მასზე მეთვალყურეობა საკარანტინე სასტუმროში. პროტოკოლით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, 25 ოქტომბერს ის გაეწერა. ის არ დაიკრძალება კოვიდით გარდაცვლილთა პროტოკოლის შესაბამისად, რადგან, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ის იყო გამოჯანმრთელებული. გაწერისას, მისი მდგომაროება ექიმმა შეაფასა. თავს გრძნობდა კარგად, არანაირი სიმპტომი და ჩივილი არ აღენიშნებოდა. მან რამდენჯერმე მიმართა ექიმს, რომ დროზე ადრე დაეტოვებინა საკარანტინე სივრცე, ვინაიდან თავს კარგად გრძნობდა. დღეს ის საცხოვრებელი სახლის ეზოში ნახეს გარდაცვლილი. სამუშაოს ასრულებდა. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად, ამ ეტაპზე, შეგვიძლია, მივიჩნიოთ გულის უეცარი გაჩერება, თუმცა, დამატებით მოკვლევა მიმდინარეობს“ – განაცხადა ამირან გოგიტიძემ.

მსგავსი თემები