თვითიზოლაციაში მყოფ პირებს გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნა 27 ოქტომბრის 14:00 საათამდე შეეძლებათ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, 45-ე დადგენილებაში ცვლილება შევიდა. ცვლილებების თანახმად, თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს დამატებით ერთი დღე ეძლევათ, რათა დარეკონ ცესკო-ს სატელეფონო საინფორმაციო ცენტრში და გადასატანი საარჩევნო ყუთის მომსახურება მოითხოვონ.

კერძოდ, ცვლილებების თანახმად, თვითიზოლაციაში მყოფ პირებს გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნა 27 ოქტომბრის  დილის 10:00 საათიდან შუადღის 14:00 საათამდე შეეძლებათ.

აღნიშნული ინიციატივა სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრმა დავით გურგენიძემ დააყენა.

მისი თქმით, თვითიზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობა იზრდება და ვადის გადაწევით, უფრო მეტ მოქალაქეს მიეცემა შანსი, არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ.
ცვლილებები სხდომაზე ათი ხმით დაამტკიცეს.

თვითიზოლაციაში მყოფ პირებს გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნის ვადა დღეს, 22:00 საათზე ეწურებოდათ.

შეგახსენებთ, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკო-მ არჩევნებში ჩართულ მხარეებთან ერთად სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის ხმის მიცემის წესები შეიმუშავა.

ცესკო-ს ინფორმაციით, აღნიშნულ პირებს განთავსების ადგილის მიხედვით სპეციალური ჯგუფები მოემსახურებიან. საარჩევნო ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩევლებმა, რომლებიც შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში ოფიციალურად არიან დაფიქსირებული, არჩევნებში მონაწილეობის მიზნით გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით უნდა მიმართონ ცესკო-ს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრს: 2 51 00 51 (0).

მსგავსი თემები