ყოფილ მძევლების სავარაუდო ეჭვმიტანილის ამოცნობა უჭირთ – ბანკზე თავდასხმის საქმე

  •  

მიუხედავად იმისა, რომ შსს-მ საინფორმაციო საშუალებებს მოუწოდა და მიმართა, რომ დამნაშავის იდენთიფიცირების შემთხვევაში მათი არც ვინაობა გაემხილათ და არც ფოტოსურათი, ტელევიზიებში მთელი დღეა „საქართველოს ბანკზე“ სავარაუდო თავდამსხმელის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება.   

ბადრი ესებუა – ეს სახელი და გვარი, ამ ეტაპისთვის ერთადერთია, რომელიც, არაოფიციალურად, „საქართველოს ბანკში“ შეჭრასთან და მძევლების აყვანასთან არის დაკავშირებული. ესებუას ოჯახის წევრები აცხადებენ რომ ბადრი სახლში არ იმყოფება და ბოლოს 2 დღის უკან ნახეს.  

ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდო ეჭვმიტანილი 2008 წლის აგვისტოს ომის სამხედრო დაპირისპირებაშიც მონაწილეობდა. როგორც მისი ნათესავები აცხადებენ, გავრცელებულ ფოტოსურათზე ბადრი არ არის ასახული. ასევე ამბობენ, რომ სამეგრელოში, მათ სახლში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა.

“როგორც ვიცი, თბილისშია წასული. რატომ წავიდა  არ ვიცი. ის  სენაკის ბაზაში მსახურობდა, 2008 წლის ომის შემდეგ არტილერისტი იყო, მგონი. ომის მონაწილეც არის, იმის შემდეგ მას სამხედრო ფორმა არ ჩაუცვამს. ის ამისი გამკეთებელი არ არის, არც ის ვიცით ეჭვმიტანილია თუ არა. ვიზუალურადაც განსხვავდება იმ ადამიანისგან, ვინც ბანკში იყო შეჭრილი. ფიზიკურად სხვანაირები არიან, 3 დღის უკან აქ იყო, ცხვრებს მწყემსავდა“ – აცხადებენ ნათესავები.

ოჯახის ინფორმაციით, ბადრი ესებუა, ამ ეტაპზე თბილისში, სამკურნალოდ იმყოფება.   

რაც შეეხება ყოფილ მძევლებს, რომელიც დამნაშავემ ბანკის შენობაში აიყვანა, აცხადებენ, რომ მათ დამნაშავის იდენთიფიცირება არ შეუძლიათ, რადგან ის შენიღბული იყო და თვალების გარდა არაფერი უჩანდა.

მსგავსი თემები