ვახტანგ გომელაური და ვლადიმერ ბორცვაძე ზუგდიდში, სამხარეო პოლიციის მთავარ სამმართველოში იმყოფებიან

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ზუგდიდში, სამხარეო პოლიციის შენობაში მოადგილესთან, ვლადიმერ ბორცვაძესთან ერთად იმყოფება. მათთან ერთადაა ცენტრალური კრიმინაკური პოლიციის უფროსი მამუკა ჭელიძეც.

სამხარეოს შენობაში მათ პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა დახვდა. ამ ეტაპზე, მაღალჩინოსნებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა, სავარაუდოდ, საქმე ბანკზე თავდასხმას ეხება.

ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები 21 ოქტომბერს აიყვანა.

თავდამსხმელი შენობიდან 3 მძევალთან ერთად გამოვიდა. როგორც კადრებში გამოჩნდა, მას შენობის დატოვების დროს ერთი ხელი აწეული ჰქონდა და სავარაუდოდ ხელში ხელყუმბარა ეკავა.

22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.

მსგავსი თემები