კახეთის გზატკეცილის საავტომობილო ზოლის რეაბილიტაცია 2019 წელს განხორციელდება 

  •  

თბილისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზის – კახეთის გზატკეცილის ძირითადი საავტომობილო სავალი ზოლის სრული რეაბილიტაცია მომავალ წელს იგეგმება. მოწესრიგდება გზაგამყოფი ზოლი, განათების ბოძები ახალი,  თანამედროვე, ევროპული ტიპის განათების სისტემით შეიცვლება.

​ამ დროისთვის დედაქალაქის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური გზატკეცილის მარჯვენა სათადარიგო ზოლის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტით გათვალისწინებულია 9კმ-მდე სიგრძის მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია, რაც გულისხმობს ახალი ბორდიურის, ტროტუარების, სანიაღვრე ქსელისა და ორზოლიანი საავტომობილო სავალი ნაწილის მოწყობას. ამ ეტაპზე სათადარიგო ზოლის საექსკავაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად დღეს, ადგილზე გაეცნო.

როგორც თბილისის მერი აცხადებს, საგზაო სამუშაოები სრულყოფილად უნდა განხორციელდეს, რადგან უკვე დასრულებული გზის ხელახლა გადათხრა არ გახდეს საჭირო. შესაბამისად, 9-კილომეტრიანი მონაკვეთი სრულად მოწესრიგდება და მეორე ეტაპი წლის ბოლომდე დასრულდება.

“ეს გზა სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული ტურისტები, ძირითადად, ამ გზით სარგებლობენ და აქ არსებული მდგომარეობა არასახარბიელო იყო. შესაბამისად, ამ გზის გაკეთება არის მთავარი პრიორიტეტი“,- განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის მერიაში განუცხადეს, კახეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის მარტიდან დაიწყო და ინტენსიურად მიმდინარეობს მარცხენა სათადარიგო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყლისა და წყალარინების ქსელებს ცვლის.

მათივე ინფორმაციით, კახეთის გზატკეცილზე მარჯვენა სათადარიგო ზოლზე მიმდინარე სამუშაოებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 10,4 მლნ ლარი დაიხარჯება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის ტენდერში გამარჯვებული კომპანია “ბლექსსიგრუპი” აწარმოებს.

​კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერთან ერთად, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გაგი ბუაძე და სამგორის რაიონის გამგებელი კახა გულედანი გაეცნენ.

მსგავსი თემები