ახალციხეში “კრედო ბანკის” ერთ-ერთ თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა

ბოლო 24 საათში ინფიცირებულია 1595 ადამიანი, გარდაიცვალა 6. ერთი მათგანი, 65 წლის მამაკაცი მკურნალობას თერჯოლის კლინიკაში გადიოდა, პაციენტი ონკოლოგიური ავადმყოფი იყო და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

კორონავირუსით ასევე დაინფიცირდა ქუთაისის საკრებულოს კიდევ ერთი წევრი, ინფექცია საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს დაუდასტურდა. 

“რამდენიმე დეპუტატია ინფიცირებული, მიღებულია ზომები და ისინი მკურნალობას შესაბამის დაწესებულებებში განაგრძობენ. რაც შეეხება კონტაქტებს, ამ დროისთვის ყველა მათგანის კონტაქტი უკვე დადგენილია და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან. საკრებულო აგრძელებს ფუნქციონირებას, გვაქვს საშუალება, რომ დისტანციურად წარვმართოთ სხვადასხვა კომისიური საქმიანობა,” – განაცხადა ქუთაისის საკრებულოს წარმომადგენელმა. 

კორონავირუსი დაუდასტურდა ასევე, ახალციხეში “კრედო ბანკის” ერთ-ერთ თანამშრომელს. ამ შემთხვევაში, ინფიცირების წყარო მომხმარებელი იყო.  

“ინფიცირების წყარო არის მომხმარებელი, რომელიც ჩვენთან სესხის მოთხოვნით მოვიდა. ჩვენს სესხის ოფიცერს მასთან გასაუბრება ჰქონდა, ის მაშინვე გადავიდა იზოლაციაში და ტესტის ჩატარების შემდეგ, მას კორონავირუსი დაუდასტურდა. შესაბამისად, სერვისცენტრი მთლიანად დაიხურა და თანამშრომლები იზოლაციაში გადავიდნენ,” – აცხადებს “კრედო ბანკის” მარკეტინგისა და კომუნიკაციების მენეჯერი მეგი გურგენიძე.

მსგავსი თემები