ხადას ხეობაში ​მოკლული სმიტების ოჯახის წევრები გამოძიების მიმდინარეობით დაინტერესდნენ 

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში, ხადას ხეობაში მოკლული რაიან მაიკლ სმიტის ნათესავებსა და ოჯახის წევრებს შეხვდნენ. სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია სტუმრებს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორმა, ავთანდილ კოჭლამაზაშვილმა გააცნო.

მაიკლ რაიან სმიტის მშობლები და ძმა დაინტერესდნენ, ბრალდებული მწყემსის გარდა, საქმეზე იკვეთება თუ არა კიდევ სხვა დამნაშავე პირი და რამდენად მალე დასრულდება საექსპერტო კვლევები.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში განუცხადეს, მაიკლ რაიან სმიტის ოჯახის წევრები დაინტერესდნენ, რა ფორმით შეეძლოთ საკუთარი პოზიციის და მოსაზრების დაფიქსირება სასამართლოს წინაშე. განმარტებების მიღებისა და შეხვედრის დასრულების შემდეგ, გარდაცვლილი რაიან მაიკლ სმიტის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა მისი ძმა ჩედ ოსტინ სმიტი, ხოლო ქელებ ისმატ სმიტის უფლებამონაცვლედ მისი ბაბუა ბაირონ ლი სმიტი.

ბრალდებულის ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი პირის განზრახ მკვლელობა) აქვს წარდგენილი. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეფარდების თაობაზე დააკმაყოფილა.

სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება. ბრალდებულისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეხვედრას საქმის პროკურორი დავით ყაზარაშვილი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს მრჩეველი იურიდიულ საკითხებში მაიკლ გრანტი, კონსული ჯენეტ რობერტი და უწყების სხვა თანამშრომლები ესწრებოდნენ.

მსგავსი თემები