“მძევალი, რომელიც მედიასაშუალებებთან კონტაქტზე გამოვიდა, ყველაზე მოწყვლადია ამ ურთულეს სიტუაციაში” – ნინო ლომჯარია

“მძევალი, რომელიც მედიასაშუალებებთან კონტაქტზე გამოვიდა, ყველაზე მოწყვლადია ამ ურთულეს სიტუაციაში, რადგან სწორედ მას იყენებს შეიარაღებული პირი საკომუნიკაციოდ”, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

როგორც ომბუდსმენი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, მძევლის დისკრედიტაცია და მის პოლიტიკურ კუთვნილებაზე აქცენტირება სახიფათოა.

„მძევალი, რომელიც მედიასაშუალებებთან კონტაქტზე გამოვიდა, ყველაზე მოწყვლადია ამ ურთულეს სიტუაციაში, რადგან სწორედ მას იყენებს შეიარაღებული პირი საკომუნიკაციოდ, მის მიმართ სხვაზე მეტი „ინტერესი“ აქვს.

შეიარაღებული პირის ფსიქოპორტრეტი, მისი რეალური მიზნები არავინ იცის, ამიტომ ძალიან სახიფათოა, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, მძევლის დისკრედიტაციის წამოწყებული კამპანია და მის პოლიტიკურ კუთვნილებაზე აქცენტირება.

ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია მძევლების, სამართალდამცავების სიცოცხლე და უსაფრთხოება. მოვლენების არასწორ გაშუქებას, არასწორი აქცენტების გაკეთებას შეიძლება, მძიმე შედეგები მოჰყვეს. ვიყოთ სოლიდარულები უდანაშაულო ადამიანების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური შეხედულებებისა“, – წერს ლომჯარია.

შეგახსენებთ, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. თავდამსხმელს ამჟამად 17 მძევალი ჰყავს აყვანილი.

მსგავსი თემები