შსს-მ პირდაპირი ეთერის სიგნალის გათიშვა მოითხოვა

ზუგდიდში, ტერორისტის მხრიდან აყვანილ მძევლებსა და მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, შს მინისტრის მოადგილებ განცხადება გააკეთა და პირდაპირი ეთერის შეწყვეტა მოითხოვა.   

“ზუგდიდში მძევლად არიან აყვანილი ჩვენი მოქალაქეები. შსს-მ შეტყობინებისთანავე დაიწყო გამოძიება და ტარდება გადაუდებელი ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები. შსს აკეთებს მაქსიმუმს, რათა მძევლადაყვანილი მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად დაცული და დროულად მოხდეს მათი გათავისუფლება. სამწუხაროდ, დაფიქსირდა შემთხვევები, როცა რამდენიმე მედიასაშუალებამ პირდაპირ ეთერში ჩართო დამნაშავე, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის სამართალდამცავი სტრუქტურების ქმედებას და ღონისძიების წარმართვის ეფექტიანობას.

ყველა მედიასაშუალებას, მათ შორის მობილური ოპერატორებისგან მოვითხოვთ კატეგორიულად, მძევლების, სამართალდამაცავებისა და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ასევე საპოლიციო ღონისძიებების ეფექტიანად წარმართვის მიზნით, მოხდეს ლაივსიგნალის გათიშვა, შეზღუდვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო იტოვებს უფლებას, გამოიყენოს კანონმდებლობით არსებული ყველა ბერკეტი, რათა მოხდეს აღნიშნულის უზრუნველყოფა. მაქსიმუმს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს მძიმე შემთხვევა დამთავრდეს მშვიდობით და დაცული იყოს თითოეული მოქალაქის, საზოგადოების წევრის და პოლიციელის უსაფრთხოება”, – განაცხადა შს მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა საბანაძემ.

მსგავსი თემები